weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქალი-საოცრება“ შესაძლოა საოსკარე კანდიდატი ფილმი გახდეს

15:40 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

ოსკარების დაჯილდოების ისტორიაში პირველად, შესაძლოა წლის საუკეთესო ფილმის წოდებისთვის კინოკომიქსმა იბრძოლოს, საუბარია მიმდინარე წლის ერთ-ერთ წარმატებულ ფილმზე „ქალი-საოცრება“.

კომპანია DC-ის კომიქსების გმირზე დაფუძნებულმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 786 მილიონი დოლარი მოაგროვა (მაშინ როდესაც მისი ბიუჯეტი 149 მილიონი $ იყო), კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან კი მეტწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო ვებგვერდებმა, Rotten Tomatoes და Metacritic, სტუდია „უორნერ ბრაზერსის“ სურათს შესაბამისად, 92% და 76 ბალი დაუწერეს.

პრესტიჟული გამოცემა Variety-ს ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი საკმარისია, რათა სტუდია „უორნერ ბრაზერსმა“ საოსკარე კამპანია დაიწყოს, რამაც შესაძლოა ისტორიაში პირველად კომიქსის ეკრანიზაცია ოსკარზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარადგინოს. მანამდე ამერიკელი კინოკრიტიკოსები ასევე გამოთქვამდნენ სურვილს, რომ „ქალი-საოცრების“ ქალი რეჟისორი პატი ჯენკინსი, ასევე მთავარი როლის შემსრულებელი - ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ოსკარზე წარედგინათ. აქამდე კინოკომიქსისთვის ჯერ-ჯერობით არცერთი რეჟისორი წარუდგენიათ ოსკარზე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კინოაკადემიის ბოლო პერიოდის პოლიტიკას, გენდერული თემის გათვალისწინებით პატი ჯენკინსის წლევანდელი შანსები იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ კინოაკადემიის წევრთა რაოდენობა 774 წევრით (მათ შორისაა თავად გალ გადოტი) გაიზარდა, რითაც წევრების საშუალო ასაკი გაახალგაზრდავდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ოსკარებზე ჟანრობრივ კინოს მეტი ყურადღება მიექცევა, აქამდე არსებული კონსერვატიული დამოკიდებულება და მიდგომა კი შემცირდება.

ამ ეტაპზე სტუდია „უორნერ ბრაზერსის“ წარმომადგენლები „ქალი-საოცრების“ ე.წ. საოსკარე რბოლაში მონაწილეობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჟანრის ფილმებისთვის საოსკარე რბოლა შედარებით ხელმისაწვდომი ქრისტოფერ ნოლანის 2008 წლის აღიარებული კინოკომიქსის „ბნელი რაინდის“ (ასევე „უორნერ ბრაზერსის“ პროდუქცია) წარმატების შემდეგ გახდა, როდესაც 2009 წლის საუკეთესო ფილმის წოდებისთვის ორი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, „ავატარი და „მე-9 რაიონი“ იბრძოდა. „უორნერ ბრაზერსმა“ კი წლის საუკეთესო ფილმის ნომინაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ექშენისთვის, „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზა“ მიიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]