რეჟისორის ამპლუაში მყოფ ჰოლივუდის ვარსკვლავს კამბოჯის ქალაქ სიემ რეაპში გულთბილი დახვედრა მოუწყეს. აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლის პირველი აყვანილი შვილი, სახელად მედოქსი, სწორედ კამბოჯიდანაა.
„რომ არა კამბოჯა, შესაძლოა მე დედა არასოდეს გავმხდარიყავი. ჩემი გულის ნაწილი არის და ყოველთვის იქნება ამ ქვეყანაში და კიდევ, ამ ქვეყნის ნაწილი - მედოქსი, ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება.“ - აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.
რაც შეეხება ფილმს, ის კამბოჯელი უფლებათა დამცველის, აქტივისტისა და ლექტორის, ლუნ უნის 2000 წელს გამოქვეყნებული მემუარის (First They Killed My Father) მიხედვითაა გადაღებული. აღნიშნული წიგნი კამბოჯაში მომხდარ რეალურ მოვლენებზეა, როდესაც ქვეყანას „წითელი ქჰმერები“ მართავდნენ დიქტატორ პოლ პოტის მეთაურობით. ლუნ უნი ხუთი წლის იყო, როდესაც კამბოჯაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. ის ბავშვთა ბანაკში მოხვდა, სადაც მისი ასაკის ბავშვებისგან მეომრებს ზრდიდნენ. შემდეგში უნი ექვს და-ძმასთან ერთად შრომით ბანაკში გადაიყვანეს. ის ქვეყნიდან 1979 წელს, ცხრა წლის ასაკში გაიქცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა და განათლება მიიღო. უნი მუშაობდა ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციაში - „საერთაშორისო მოძრაობა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ“ (ICBL), რომელმაც 1997 წელს ნობელის პრემია აიღო მშვიდობის დარგში.
ფილმის სცენარზე ანჯელინა ჯოლიმ თავად წიგნის ავტორთან ერთად იმუშავა. კამბოჯაში მოწყობილ კინოპრემიერას კი ლუნ უნიც დაესწრო.