weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსკაროსანი ირანელი რეჟისორი ოსკარების ცერემონიას ტრამპის ვიზაზე აკრძალვის გამო არ დაესწრება

11:31 ორშაბათი, 30 იანვარი 2017

გამოჩენილი ირანელი სცენარისტი და კინორეჟისორი, მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის 2011 წელს ოსკარის საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული, ასღარ ფარჰადი ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიას დონალდ ტრამპის მიერ ვიზებზე დაწესებული აკრძალვის გამო განგებ არ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ რეჟისორამდე მისივე ფილმში მონაწილე ირანელმა მსახიობმა გამოუცხადა ოსკარებს ბოიკოტი.

„სამწუხაროდ უნდა განვაცხადო, რომ გადავწყვიტე, არ დავესწრო კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას, სადაც კინემატოგრაფიულ საზოგადოებაში არსებული ჩემი კოლეგები იქნებიან.

უსაფრთხოების დაცვის მოტივით ერთი ერის მიერ მეორის დამცირება ისტორიაში ახალი ფენომენი არაა და ის ყოველთვის საფუძველს უყრიდა ე.წ. დაყავი და იბატონეს პოლიტიკას. აქვე მინდა დავგმო ჩემ თანამემულეებისა და ექვსი სხვა ქვეყნის მოქალაქეების შეერთებულ შტატებში ლეგალურად შესვლაზე შექმნილი უსამართლო პირობები. ვიმედოვნებ არსებული სიტუაცია ერებს შორის დაყოფას არ გააღვივებს.“ - ავრცელებს 45 წლის რეჟისორის სიტყვებს New York Times.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ირანის, სირიის, ერაყის, სუდანის, ლიბიის, სომალისა და იემენის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზას აღარ მისცემენ და მათ შესაბამისად, ქვეყანაში შესვლის უფლება აღარ ექნებათ.

ასღარ ფარჰადის 2016 წელს გამოსული ირანული სოციალური დრამა „გაყიდვების აგენტი“ (The Salesman) წლევანდელ ოსკარებზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მის გარდა ოსკარის მოპოვებას ავსტრალიური (Tanna), გერმანული (Toni Erdmann), დანიური (Land of Mine) და შვედური (A Man Called Ove) ფილმები შეეცდებიან. ირანულმა ფილმმა უკვე მოახერხა პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება - 2016 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვისა და საუკეთესო სცენარისთვის, შესაბამისად შაჰაბ ჰოსეინი და თავად რეჟისორი ასღარ ფარჰადი დაჯილდოვდნენ.

ფარჰადის 2011 წელს გამოსულმა ფილმმა სათაურით „ნადერისა და სიმინის გაყრა“ (The Separation), იმ წლის ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

რაც შეეხება ოსკარის რიგით 89-ე, წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიას, ის 26 თებერვალს, ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართება, მისი წამყვანი კი ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]