„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჰარისონ ფორდი ინდიანა ჯონსს ითამაშებს, შაია ლაბეფის პერსონაჟი კი ფილმში არ იქნება,“ - აღნიშნა პოპულარულ გასართობ ჟურნალ Entertainment Weekly-სთან საუბარში დეივიდ კეპმა. მისივე განმარტებით, 2020 წელს გამოსასვლელი სიკველის გადაღებების დაწყება აღნიშნული ფრანშიზის შეუცვლელ მონაწილეებზე, ჰარისონ ფორდსა და სტივენ სპილბერგზეა დამოკიდებული.
შაია ლაბეფის კინოგმირი სახელად მეტი ინდიანა ჯონსის შვილი იყო. სკანდალებით ცნობილმა ახალგაზრდა მსახიობმა ინდიანა ჯონსის სერიულობაში ყველაზე სუსტ ნაწილად მიჩნეული მე-4 ფილმი სათაურად „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფო“, სადაც თავად მონაწილეობდა, პრემიერის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა და სპილბერგს ნამუშევარი დაუწუნა, საპასუხოდ კი ჰარისონ ფორდმა მას იდიოტი უწოდა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს გამოსული უკანასკნელი სერიის შემდეგ მრავალი ჭორი არსებობდა ფილმის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით შემქმნელები სერიულობის ახლიდან დაწყებას აპირებდნენ - ე.წ. რიბუთში არტეფაქტებზე მონადირე მთავარ პერსონაჟს მსახიობი ქრის პრატი შეასრულებდა, თუმცა გასულ წელს პროდიუსერებმა, კატლინ კენედიმ და ფრენკ მარშალმა ინფორმაცია გადაჭრით უარყვეს და განაცხადეს, რომ საკულტო კინოგმირს კვლავაც უბერებელი ჰარისონ ფორდი განასახიერებდა.
შეგახსენებთ რომ რელიკვიების მაძიებელ არქეოლოგ პერსონაჟზე აქამდე არსებულმა ოთხმა ფილმმა ჯამში ოსკარის 14 ნომინაცია და 7 ჯილდო მოიპოვა. სერიების შექმნა სულ 280 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, შემოსავალმა კი ჯამში 1 983 841 081 დოლარს მიაღწია.