weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

კანადაში აღმოჩენილი უძველესი სოფელი ეგვიპტის პირამიდებზე 10 000 წლით ძველია

12:14 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მცხოვრები უძველეს აბორიგენთა ჯგუფი ჰეილცუკის ხალხი ათასობით წლის განმავლობაში თაობიდან თაობას თქმულებების სახით გადასცემდა თავიანთ წარმომავლობის ამბავს. გადმოცემის მიხედვით, მათი წინაპრები გადარჩენის მიზნით, კანადის სანაპირო ზოლში გაიქცნენ, რომელიც გამყინვარების ხანაში არასოდეს გაყინულა. ბრიტანეთის კოლუმბიის ცენტრალურ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ტრიკეზე მიმდინარე გათხრებმა კი მათი თქმულება გაამყარა.

2016 წელს გათხრებს ვიქტორიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, არქეოლოგი ალიშა გოვრო ხელმძღვანელობდა. თხელ ჰორიზონტალურ ფენაში, რომელსაც პალეოზოლს უწოდებენ, არქეოლოგთა ჯგუფმა რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ უძველეს სოფელს ეკუთვნის. მათ შორისაა ხისგან გამოთლილი იარაღები და ნახშირი. ნახშირის ნატეხები რადიონახშირბადული მეთოდით დათარიღებისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნა და ახლა აღმოჩნდა, რომ იგი დაახლოებით 13 613-14 086 წლის წინანდელია, ანუ ეგვიპტის პირამიდებზე ათასობით წლით ძველი.

არტეფაქტები ერთ-ერთი უძველესია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ჩრდილოეთ ამერიკაში. აღმოჩენა არქეოლოგებს დიდ დახმარებას გაუწევს, რათა უფრო დეტალურად განსაზღვრონ თუ როგორ წარმოიშვა ჩრდილოამერიკული ცივილიზაციები, მატ შორის ჰეილცუკის ხალხი. 

ერთ-ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, გამყინვარების ხანაში ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მკვიდრნი აზიიდან ხმელეთის ხიდის საშუალებით დღევანდელი კანადის ცენტრალურ ნაწილში მოვიდნენ. მეორე თეორიის თანახმად, რომელსაც ვიქტორიას უნივერსიტეტის ჯგუფის კვლევებიც უჭერს მხარს, ისინი ზღვის ძუძუმწოვრებზე მონადირეები იყვნენ და ნავებით მოგზაურობდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]