2015 წელს გამოქვეყნებული რომანი „გოგონა ობობას ქსელში“ (შვედურ ორიგინალში ჰქვია: „ის, რაც არ გვკლავს“ - Det som inte dödar oss) პოპულარული რომანების სერია „მილენიუმის“ შემადგენელი მეოთხე ნაწილია. პირველი ტრილოგიის ავტორი შვედი მწერალი სტიგ ლარსონი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ ახალი სერია დავიდ ლაგერკრანცმა დაწერა.
„მილენიუმის“ ახალი რომანის ეკრანაზიაციას საშინელებათა ფილმებით ცნობილი ახალგაზრდა ურუგვაელი რეჟისორი ფედე ალვარესი (Evil Dead, Don’t Breathe) გადაიღებს. ადაპტირებული სცენარის ავტორი თავად ალვარესი, ჯეი ბასუ და ოსკარის ნომინანტი გამოცდილი ბრიტანელი სცენარისტი სტივენ ნაიტი არიან. ჯერ-ჯერობით უცნობია რომანის მეორე მთავარი გმირის, ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტის როლის შემსრულებლის ვინაობა. ფილმის პრემიერა 2018 წლის 19 ოქტომბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ სტიგ ლარსონის ბესტსელერი ტრილოგიის მიხედვით უკვე არსებობს 2009 წელს გამოსული შვედური პოპულარული კინოტრილოგია და პირველ რომანზე დაფუძნებული 2011 წლის წარმატებული ჰოლივუდური ფილმი „გოგონა დრაკონის ტატუთი“. ლისბეთ სალანდერისა და მიკაელ ბლუმკვისტის როლები შვედურ ეკრანიზაციებში ნუმი რაპასმა და მიკაელ ნიუკვისტმა შეასრულეს, რეჟისორ დევიდ ფინჩერის ჰოლივუდურ ადაპტაციაში კი - რუნი მარამ და დენიელ კრეიგმა.
რაც შეეხება კლერ ფოის, მას პოპულარობა და წარმატება „ნეტფლიქსის“ 2016 წელს გამოსულმა სერიალმა „გვირგვინმა“ მოუტანა - 33 წლის მსახიობმა დედოფალ ელისაბედ II-ის როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი, მსახიობთა გილდიის ჯილდო და ემის ნომინაცია მოიპოვა.