კონცეპტუალური სედანი ოთხი გასაცურებელი კარებით, მკვეთრად დახრილი საქარე მინითა და ძარის კუთხეებში განლაგებული ლამაზი, 21-დუიმიანი ბორბლებითაა გამორჩეული. ყურადღებას აგრეთვე იპყრობს დიოდის სანათი ოპტიკა და უკანა საყრდენები, რომელიც Ferrari 599 GTB-ის მოგვაგონებს. ჭორების მიხედვით, ახალი ელექტროქარი ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება.
ელექტრომოდელი „ფოლკსვაგენის“, BMW-სა და Mini-ს ყოფილმა დიზაინერმა, 45 წლის ანდერს ვარმინგმა, დახატა. მის ნაშრომებს შორის არის პირველი თაობის BMW Z4-ის, მეორე თაობის BMW X3-ისa და Mini-ს ამჟამინდელი მოდელების ექსტერიერი.
კონცეპტი დიდი გამოვიდა: ძარა ხუთი მეტრის სიგრძისაა, მისი სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, 1.92 და 1.4 მეტრს შეადგენს. ღერძებს შორის მანძილი არ სახელდება, თუმცა სამ მეტრზე ნაკლები არ იქნება. შედარებისთვის, მოდელი Tesla Model S ცხვირიდან კუდამდე 4976 მილიმეტრს ითვლის, ძარის სიგანე - 1964 მმ, სიმაღლე კი - 1435 მილიმეტრია. ამასთან, თვლების ბაზა 2960 მმ შეადგენს.
Borgward Isabella შიგნითაც მეტისმეტად ფუტურისტული ჩანს: ხელსაწყოების ვირტუალური პანელი სალონის მთელ სიგანეზეა, ჰოლოგრაფული დისპლეი, რომელიც სივრცეში მულტიმედიური სისტემის მენიუს 3D ფორმატში ხატავს, ოთხი ცალკეული სავარძელი და მრავალი სხვა გასაწყობი მასალა.
საფირმო ძალოვანი დანადგარი ePropultion წარმოადგენს ორ სინქრონულ ელექტროძრავას (ერთი წინა ღერძის ბორბლებს აბრუნებს, მეორე - უკანა ღერძის). ჯამური სიმძლავრე 299 ცხენისძალაა, ბრუნვის მომენტი - 450 ნმ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში აჩქარდეს, მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონული მოწყობილობით 250 კმ/სთ-მდე არის შეზღუდული. ცნობილია ისიც, რომ სრულად დამუხტული ლითიუმ-იონური აკუმულატორებით სედანი 500 კმ გაივლის, ნახევარ საათში სწრაფი დასამუხტი ტერმინალი ელემენტს ენერგიის 80%-ს მიაწვდის, მაგრამ სერიული სახით ყველაფერი ეს როდის გამოვა, არავინ იცის.
„ბორგვარდმა“ უკვე 70 ათასი შეკვეთა მიიღო. პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისთვის გერმანელები ყოველწლიურად 800 ათას მანქანას გაყიდიან, 2025 წლისთვის კი - 1.6 მილიონს.
წყარო: Adjarasport