weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ტერმინატორის“ ახალ სერიაში ლინდა ჰამილტონი სარა კონორის როლში დაბრუნდება

16:31 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

61 წლის მსახიობი ლინდა ჰამილტონი კიდევ ერთხელ შეასრულებს ცნობილ პერსონაჟს, სარა კონორს საკულტო სამცენიერო ფანტასტიკურ კინოსერია „ტერმინატორის“ ახალ, რიგით მე-6 ფილმში, რომლის პროდიუსერიც ორიგინალი „ტერმინატორის“ავტორი და რეჟისორი ჯეიმს კამერონი იქნება.

ჯეიმს კამერონმა ყოფილი მეუღლის „ტერმინატორში“ დაბრუნებაზე თავად ისაუბრა და აქცენტი პერსონაჟის სქესზე გააკეთა.

„არიან 50-60 წლის მამაკაცი პერსონაჟები, რომლებიც ფილმებში უარყოფით ტიპებს ხოცავენ, მაგრამ მსგავსი მაგალითი ქალებზე არაა.“ - აღნიშნა კამერონმა.

სამი ოსკარის მფლობელმა ჯეიმს კამერონმა „ტერმინატორის“ ახალი კინოვერსიის შესახებ ასევე განაცხადა, რომ მე-6 ფილმში ესტაფეტა ახალ თაობას გადაეცემა, ამიტომაც ახალი სერიისთვის, სადაც მოქმედება თანამედროვე დროსა და მომავალში განვითარდება, მთავარი გმირის როლისთვის ეძებენ 18 წლის გოგონასა და სხვა ახალგაზრდა მსახიობებს, თუმცა ლინდა ჰამილტონი და არნოლდ შვარცენეგერი კვლავ საკვანძო პერსონაჟებს განასახიერებენ. ახალი ფილმის სიუჟეტის თანახმად, იგი პირდაპირი გაგრძელება იქნება ჯეიმს კამერონის მიერ გადაღებული პირველი და მეორე წარმატებული სერიებისა და მათ შემდეგ გამოსულ ნაწილებთან (Terminator 3: Rise of the Machines, Terminator Salvation, Terminator Genysis) არავითარი კავშირი არ ექნება, ამიტომაც კამერონი სწორედ ახალ ფილმს მოიაზრებს პრაქტიკულად მე-3 სერიად.

„ტერმინატორის“ რიგით მე-6 კინოვერსიას ჯეიმს კამერონი „ავატარზე“ მუშაობის გამო ვერ გადაიღებს, თუმცა მან, როგორც ფრანშიზაზე უფლებების მქონე ავტორმა, პირადად დანიშნა ახალი სერიის რეჟისორად გასული წლის ერთ-ერთი წარმატებული ფილმის, Deadpool-ის დებიუტანტი რეჟისორი ტიმ მილერი. მე-6 ნაწილის სცენარის ავტორები ჯასტინ როუდზი, დევიდ ს. გოიერი, ჩარლზ ჰ. იგლი და ჯოშ ფრიდმანი იქნებიან, რომელთაც „ტერმინატორის“ ვრცელი კინოსამყაროს შექმნა დაევალათ. ფილმის გადაღებები მომდევნო წელს დაიწყება, პრემიერა კი 2019 წელს შედგება.

შეგახსენებთ რომ, „ტერმინატორის“ უკანასკნელი ნაწილი 2015 წელს გამოვიდა სახელწოდებით - Terminator Genisys, რომელიც ე.წ. რიბუთი, ანუ სერიულობის ახალი დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაყურებელთა და კრიტიკოსების მოწონება ვერ დაიმსახურა და „ტერმინატორის“ შემქმნელებმაც ახალი იდეებით ახლიდან მოისურვეს ფრანშიზის გაცოცხლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]