weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„დედა!“ - რა იყო ეს ა?!

12:47 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

დარენ არონოვსკის კინომანებისთვის წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ამერიკული საავტორო კინოთი სახელგანთქმული რეჟისორის შთამბეჭდავი ფილმები კინომოყვარულებს ძალიან უყვართ, თუმცა ერთი ჩავარდნა ამ საყოველთაოდ აღიარებულ კაცსაც არ ასცდა - ბიბლიურ თემატიკაზე, უფრო სწორად კი ბიბლიურ სიუჟეტზე დაფუძნებული კომიქსის (დიახ, ასეთებიც არსებობს!) მიხედვით, ნოეზე შექმნილი ეპიკური, მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარი, რომელსაც ავტორმა თავისი „ცხოვრების კინოპროექტიც“ კი უწოდა, ყველამ ერთხმად დაიწუნა. არონოვსკის სტილისთვის სრულიად განსხვავებული „ნოე“ არ დაინდეს არც მაყურებლებმა და არც კინოკრიტიკოსებმა, ობიექტურად ლანძღეს და რეჟისორსაც მგონი სრულიად დამსახურებულად ერგო თავს ლაფის დასხმა.

ლოგიკურია, რომ გაკიცხული დარენ არონოვსკი დღენიადაგ იმის ფიქრში იქნებოდა, შემდეგი ნამუშევრით შელახული რენომე აღედგინა, ახალი ფილმი ხმაურიანი გამოსვლოდა და მაყურებლისა და კრიტიკოსების გულებიც (გულია მთავარი!) ხელახლა მოეგო. ვფიქრობ, მან ეს მოახერხა წლევანდელი საკმაოდ უცნაური სათაურის მქონე ფსიქოლოგიური თრილერით - „დედა!“ (mother!) თუმცა, თუ ავტორს დავუჯერებთ, როგორც ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის პრემიერამდე (სადაც უსტვინეს კიდეც და ფეხზე მდგარი ოვაციითაც დააჯილდოვეს) განაცხადა, მრავალი გლობალური პრობლემით, ბუნებრივი კატასტროფებითა და მწარე ცხოვრების ამაოებით ინსპირირებულმა სცენარის თავდაპირველი ვარიანტი ხუთ დღეში დაწერა და როგორც თავად განაცხადა - დედაბუნებაზე ალეგორიული ფილმიც სწრაფად გადაიღო.

ცოტა რთულია არონოვსკის ახალი სურათის ნახვის შემდეგ ისაუბრო ისე, რომ ე.წ. სპოილერები არ წამოგცდეს. უამრავმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზისა და ნაირგვარი სუბიექტური შეხედულებების გამო არონოვსკის ეს ნამუშევარიც დაიწუნა, მაგრამ ერთი კია - „დედა!“ უდავოდ წლის ერთ-ერთი გამორჩეული და რაც მთავარია, აუცილებლად სანახავი ფილმია. ბიბლიური თემატიკა, ისევე როგორც არამხოლოდ „ნოეში“, არამედ „პისა“ და „ოცნების რეკვიემში“, აქაც დიდი დოზითაა, თუმცა ღმერთის, მის მიერ შექმნილი სამყაროს, ედემის ბაღის, ადამისა და ევას, კაენისა და აბელის, ქრისტეს, მისი მკვლელი კაცობრიობისა და უსასრულო სიცოცხლის ციკლის ალუზია ბევრისთვის შესაძლოა შეუმჩნეველიც დარჩეს.

ბოლო პერიოდში ფილმების განხილვასთან დაკავშირებით ორი სიტყვა მოვიძულე: კიჩი და კლიშე, რომლებსაც ქართველები ყოველ მეორე ფილმის რეცენზიაში ხმარობენ. კი ბატონო, ადვილია ამგვარი შეფასება ამ ფილმზე, რომლის მრავალფეროვანი პოსტერებიც უკვე მრავლისთქმელია, თითქოს კარგად ნაცნობია და სიუჟეტის მსვლელობისასაც თითქოს ყველაფერს ხვდები: ახლა ეს იქნება, ახლა ის მოხდება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალია, კინო კი ფინალური ფაზაა - ფილმის ის შოკისმომგვრელი კულმინაცია, რომელსაც თითქოს ვერ წარმოგიდგენია, რომ რეჟისორი დაუშვებს.

+18 ფილმში ბლომადაა ერთი შეხედვით გაუგებარი WTF?-მომენტები, საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი Jump Scare-მომენტები, ფინალისკენ კი საკმაოდ რეალისტური შემზარავი სცენები (ჩათვალეთ, რომ მისი ტრეილერები გინდ გინახავთ და გინდ - არა). ჯენიფერ ლოურენსის გმირს კამერა და მასთან ერთად მაყურებელიც აჩრდილივით დაყვება (ამით ხშირად გაგახსენდებათ არონოვსკის „შავი გედი“ - იგივე მთავარი ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი) იდუმალებით მოცულ, რატომღაც ოქტაგონის ფორმის მქონე, ცოცხალ, ახალ-ძველ სახლში და ფილმის პირველ ნახევარში შეხვედრილ სხვა უცნაურ გმირებსაც თითქოს უკვე სადღაც შეხვედრია მაყურებელი. პერიოდულად ბრაზმორეული ყურებისას მაინც გიწევს მაყურებელს ფიქრი იმაზე, მთავარი პერსონაჟია ჰალუცინაციებით შეპყრობილი შეშლილი და მის გარშემო არსებული სამყაროა ერთი დიდი სიზმარი თუ სხვა ყველა და ყველაფერი ამ გულმართალი (გულია-მეთქი მთავარი!) ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგაა მიმართული და ქაოსური კოშმარი ერთი გამოღვიძებით დასრულდება?! რაც დრო გადის, ეკრანსა და მაყურებლის სხეულში გულისცემაც მატულობს, უფროდაუფრო ჩნდება პარალელები ოფიციალურ ინსპირაციასთან - რომან პოლანსკის „როზმარის ჩვილთან“, მაგრამ არონოვსკის „დედა!“ საკმაოდ ნაცნობ თუ გადაღეჭილ სიტუაციებთან ერთად სრულიად ახალი პროდუქტიცაა.

ამერიკაში დარენ არონოვსკის ამ ახალ ფილმს ვიღაცამ Torture Porn უწოდა, ზოგმა პირველი ნახევრის გამო კომედიადაც შეაფასა კინოსურათი, რომლის დიდ ეკრანზე ნახვასაც ყველაფრის მიუხედავად ბევრი ჯერ კიდევ ერიდება - უცნაურია, რომ კინოგაქირავებაში ფილმი წარმატებით ჯერ-ჯერობით ვერ დაიკვეხნის. არონოვსკიმ კი გვარიანად გვანერვიულა, შეგვაშინა, გაგვაბრაზა, ათასნაირი ემოცია მოგვგარა, მათრახიც გადაგვარტყა და საწადელსაც მიაღწია - დაზაფრულ კინოსამყაროს ტვინი აუდუღა, აალაპარაკა, ცხარე დისკუსიაში შეიყვანა, აზრები კი მრავალ ნაწილად გაყო: ვიღაცისთვის ისეთი სიმბოლისტურია, ლუის ბუნიუელსაც უსაქმოდ რომ დატოვებს, ვიღაცისთვის - საოჯახო დრამაა (რომელიღაც რეცენზენტი რჩევას იძლეოდა, ყველა წყვილმა აუცილებლად ერთად უნდა ნახოს ეს ფილმიო), ვიღაცისთვის კი რიგითი იაფფასიანი ჰორორია... მე კი გეტყვით, რომ წესითა და რიგით, დასასრულის შემდეგ ნიკანდრო ქილიასავით უნდა აღმოგხდეთ: „დედა, რა იყო ეს ა?!“ მოკლედ, ფილმი ისევე მრავალნაირია, როგორც - ყველა ადამიანის მიერ თავისებურად აღქმული და გაგებული ღმერთის სიტყვა. თავად არონოვსკი კი ზის (ან წევს) მთავარი როლის შემსრულებელ, ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენსთან ერთად და სულ მცირე, ახალ ეტაპზე გადასული სასიყვარულო ურთიერთობით (ქორწინდებიანო!) ტკბება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]