ჩიბას პრეფექტურის ქალაქ იოცუკაიდოს მკვიდრი მასაო გუნძის საცხოვრებელ სახლში Hello Kitty-ს 5170 ფიგურა ინახება, რომლებიც მისი სახლის კედლებს, თაროებსა და იატაკსაც კი ფარავს. 35 წლის მანძილზე მოგროვილი გამორჩეული კოლექციის შექმნაში მასაოს მისივე მეუღლე ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ „ჰელოუ კიტის“ უდიდესი კოლექციის ქონის მხრივ წინა რეკორდი ასევე იაპონელ ასაკო კანდას ეკუთვნოდა, რომელიც 4520 ნივთს ფლობდა.
პერსონაჟი „ჰელოუ კიტი“, რომელიც იაპონური ბობტეილის ჯიშის მოლაპარაკე თეთრი კატაა, იაპონური კომპანია „სანრიოს“ დიზაინერმა იუკო შიმიზუმ 1974 წელს შექმნა. მას შემდეგ „ჰელოუ კიტი“, იგივე „კიტი ვაითი“ არამარტო პატარებშია პოპულარული, არამედ თანამედროვე იაპონური პოპ-კულტურის შემადგენელი ნაწილია.