რეჟისორის სავარძლის დაკავების გარდა, ჰოლივუდის უბერებელმა კინოლეგენდამ „კრიდის“ მე-2 სერიის სცენარზეც თავად იმუშავა და ფილმის პროდიუსერიც თვითონ იქნება. ახალი ფილმის პრემიერა 2018 წელსაა დაგეგმილი.
სილვესტერ სტალონეს მიერ ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „კრიდის“ სიკველში შესაძლოა პერსონაჟი ივან დრაგო დაბრუნდეს, რომელსაც „როკი IV”-ში ცნობილი შვედი კინოვარსკვლავი დოლფ ლუნდგრენი ასრულებდა. სტალონეს ფოტო-პოსტზე დართული ტექსტიდან ირკვევა, რომ „კრიდის“ მეორე სერიის სიუჟეტში ახალგაზრდა მოკრივე ადონის ჯონსონ-კრიდს დაპირისპირება მოუწევს ივან დრაგოს შვილთან, ანდა - თავად რუს მოკრივესთან, რომელმაც მამამისი აპოლო კრიდი „როკი IV”-ში რინგზე ორთაბრძოლისას მოკლა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორ რაიან კუგლერის წარმატებული სპორტული დრამა „კრიდი“, რომელიც როკი ბალბოას შესახებ შექმნილი ფილმების სპინ-ოფ სერიას წარმოადგენს, 2015 წელს გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმში როკი ბალბოას მეშვიდედ შესრულებული როლით სილვესტერ სტალონემ ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, კატეგორიაში - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი.