კინოაკადემიის მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება ჰარვი ვაინშტაინის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბრალდებების გახმაურებისთანავე ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი დაარსებული კინოკომპანიიდან დაითხოვეს, მალევე მას მეუღლე გაშორდა.
აღსანიშნავია, რომ ჰარვი ვაინშტაინისადმი ბრალდებების პარალელურად, იგივე სახის ძალადობაში მისივე ძმა ბობ ვაინშტაინიც ამხილეს. „ვაინშტაინ კომპანის“ წარმოებულ სატელევიზიო სერიალ „ნისლის“ (The Mist) შოურანერმა ამანდა სეგელმა განაცხადა, რომ გავლენიანი პროდიუსერი მას გამუდმებით სთავაზობდა რომანტიკულ ვახშმებსა და შეხვედრებს, რასაც ბობ ვაინშტაინი კატეგორიულად უარყოფს.
ჰოლივუდში აგორებული ვაინშტაინების სკანდალის ფონზე, ოსკაროსანმა მსახიობმა რის უიზერსპუნმა აღიარა, რომ 16 წლის ასაკში მასზე რეჟისორმა იძალადა, რომლის ვინაობასაც ჰოლივუდის ვარსკვლავი არ ამხელს. მისივე თქმით, მომხდარზე მაშინ გავლენა აგენტებმა და პროდიუსერებმაც იქონიეს, რომლებმაც მსახიობს კარიერის საკეთილდღეოდ გაჩუმება ურჩიეს.