დრამატურგ ბო ვილიმონისა და რეჟისორ დევიდ ფინჩერის შექმნილი პოლიტიკური დრამატული სერიალი „ბანქოს სახლი“ (House of Cards) ტელეარხ „ნეტფლიქსზე“ 2013 წელს გამოვიდა. მას შემდეგ 13 ეპიზოდისგან შემდგარი სეზონები ყოველწლიურად იწარმოებოდა. უკანასკნელი, მე-5 სეზონი მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა, ხოლო დაგეგმილი და როგორც აღმოჩნდა უკანასკნელი მე-6 სეზონი, რომელზე მუშაობაც ახლაც მიმდინარეობს, მომავალი წელს გამოვა.
„ბანქოს სახლს“ პრესტიჟულ ტელეჯილდოებს შორის მოპოვებული აქვს 2 ოქროს გლობუსი, მსახიობთა გილდიის 2 და ემის 7 ჯილდო, სულ კი ოთხი სეზონის ჯამში სხვადასხვა დაჯილდოებებზე სერიალს 210 ნომინაცია და 27 ჯილდო ერგო.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ცნობებით, კევინ სპეისის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა შესაძლოა ხელი ასევე შეუშალოს მსახიობის მონაწილეობით შექმნილ უახლესი ფილმების პრომო-კამპანიას, გამოსვლასა და წარმოებას. ერთი მათგანი რეჟისორ რიდლი სკოტის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამაა (All the Money in the World), რომელიც მიმდინარე წლის პრესტიჟული კინოჯილდოების მოპოვების კანდიდატადაც მოიაზრებოდა. კევინ სპეისი მასში ამერიკელ ინდუსტრიალისტსა და მილიონერ ჟან პოლ გეტის როლს ასრულებს. მეორე კი 2018 წელს გამოსასვლელი ბიოგრაფიული სურათია აღიარებულ მწერალ გორ ვიდალის შესახებ, რომელშიც ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ხსენებულ ამერიკელ ესეისტსა და ლიტერატურის კლასიკოსს განასახიერებს.