მკვლევართა თქმით, სპეციალური ხელსაწყო Robovetter-ის გამოყენებით, კეპლერის პლანეტარული მონაცემები დაწმინდეს, რათა წარმოეჩინათ ის პლანეტები, რომლებიც სიცოცხლისთვის ვარგისობის კანდიდატები უნდა იყვნენ.
აღმოჩენილი 20 ეგზოპლანეტიდან ბევრს გრძელი ორბიტა აქვს, განსაკუთრებით - KOI-7923.01-ს, რომლის ორბიტა 395-დღიანია, თავად პლანეტა კი თითქმის დედამიწის ზომისაა. ასევე დადგინდა ისიც, რომ ეს პლანეტა დედამიწაზე ოდნავ ცივია, რადგან თავის ვარსკვლავისგან დაშორებულია შედარებით დიდი მანძილით. მისი დედავარსკვლავი მზეზე ცივია. როგორც ჯგუფი შენიშნავს, მათი პირველადი კვლევის მიხედვით, პლანეტა დაფარული უნდა იყოს ცივი ტუნდრათი, რადგან მისი ტემპერატურა არც ისე დაბალია, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ იყოს.
სამწუხაროდ, ახლად აღმოჩენილი პლანეტები ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაა, რადგან ცის იმ მონაკვეთის ჩაწერის შემდეგ, რომელშიც ეს პლანეტები უნდა მდებარეობდეს, კეპლერის ტელესკოპს პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, პლანეტებს მხოლოდ ორჯერ დააკვირდნენ, რაც დადასტურებისთვის საკმარისი არაა.
მიუხედავად მონაცემების ნაკლებობისა, როგორც ჯგუფი იუწყება, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კანდიდატები არა უბრალოდ პლანეტები, არამედ დიდი ალბათობით, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტებია. აღმოჩენათა დასადასტურებლად ახლა საჭიროა დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებიდან დაკვირვებები.
მკვლევართა რწმენით, 20 ახალი პლანეტა წარმოადგენს სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ეგზოპლანეტათა ყველაზე სავარაუდო კანდიდატებს და მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.