ახლად აღმოჩენილი სივრცე მდებარეობს პირამიდის ამ დრომდე ცნობილი უმსხვილესი ოთახის - დიდი გალერეის თავზე. სიგრძეში სულ მცირე 30 მეტრია, გადამკვეთი სექცია კი მის ქვეშ არსებული დიდი გალერეის ზომისაა.
„პირამიდების მშენებლობასთან დაკავშირებით, უამრავი თეორია არსებობს. უთვალავი თეორიაა დამალული ოთახების შესახებაც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს თეორიები მხოლოდ თეორიებად რჩება“, - განაცხადა მეცნიერთა ჯგუფმა აღმოჩენის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პროექტში ScanPyramids ჩართულ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა თერმული ანომალიები აღმოაჩინა და ხეოფსის პირამიდის ვიზუალიზაცია შიგნით შეუსვლელად, მიუონების (კოსმოსური სხივების პროდუქტები, რომლებსაც ქვა მხოლოდ ნაწილობრივ შთანთქავს) გამოყენებით მოახდინა.
ამ მეთოდს მიუონური რადიოგრაფია ეწოდება და მუშაობს რენტგენული გამოსხივების პრინციპზე - მიუონები აღწევენ სტრუქტურის შიგნით და ახდენენ იქ არსებული სივრცის სამგანზომილებიან რეკონსტრუქციას. ეს მეთოდი განსხვავდება ინფრაწითელი თერმოგრაფიისგან, რომელიც შენობის შიგნით ტემპერატურის ცვალებადობას აფიქსირებს.
მეცნიერთა თქმით, ამ ეტაპიდან იწყება დამატებითი კვლევები და შესაბამისად, სულ მალე კიდევ უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი. ფაქტია, რომ უცნაური სიცარიელე საიდუმლოებით მოცულ პირამიდაში შემთხვევით არაა.