weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი სტივენ სპილბერგის ოსკარების მაძიებელ ახალ ფილმში

16:42 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავები, მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი მთავარ როლებს ასრულებენ აღიარებული ამერიკელი რეჟისორის, სტივენ სპილბერგის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ უახლეს დრამაში - The Post (ცნობა), რომელიც ვიეტნამის ომში შეერთებული შტატების ჩართვის შესახებ ინფორმაციების შემცველი დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებაა.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში დაცული ე.წ. პენტაგონის ქაღალდები, რომლებიც 1945-1967 წლებში აშშ-ვიეტნამის პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობაზე მასალებს შეიცავდა, 1971 წელს გაზეთ The New York Times-ში სამხედრო ანალიტიკოსმა და აქტივისტმა დენიელ ელსბერგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტებმა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაცია მოსახლეობისა და კონგრესის წინაშე სიცრუეში ამხილა.

აღნიშნულ მოვლენებზე უკვე არსებობს 2003 წლის სატელევიზიო კინოვერსია (The Pentagon Papers) და 2009 წელს გამოსული ოსკარის ნომინანტი დოკუმენტური ფილმი (The Most Dangerous Man in America: Daniel Ellsberg and the Pentagon Papers).

სპილბერგის ფილმის სიუჟეტი გამოცემების, The New York Times-ისა და The Washington Post-ის ჟურნალისტების ჯგუფზე გვიამბობს - გაზეთის პირველი ამერიკელი ქალი გამომცემლის, კეტრინ გრემისა (მერილ სტრიპი) და მისი „ვაშინგტონ პოსტის“ ენერგიული რედაქტორის, ბენ ბრედლის (ტომ ჰენკსი) უპრეცედენტო ბრძოლაზე ჟურნალისტებსა და ქვეყნის მთავრობას შორის.

ფილმის სცენარის ავტორები დებიუტანტი ლიზ ჰანა და ოსკაროსანი ჯოშ სინგერი არიან. აღსანიშნავია, რომ ჯოშ სინგერისთვის მსგავსი თემატიკისა და სიუჟეტის მქონე ფილმი უცხო ნამდვილად არაა - კინოაკადემიის ჯილდო მას 2015 წლის საუკეთესო ფილმის (Spotlight - „ყურადღების ცენტრში“) ორიგინალი სცენარისთვის ერგო.

სპილბერგმა, რომელიც ფილმის თანაპროდიუსერიცაა, ახალ სურათზეც მუდმივ კოლაბორატორებთან, ოსკაროსან გადამღებ ჯგუფთან (კომპოზიტორი ჯონ უილიამსი, ოპერატორი იანუშ კამინსკი, მონტაჟიორი მაიკლ კანი და ა.შ.) ერთად იმუშავა. ფილმის პრემიერა დეკემბერში შედგება.

The Post, რომელიც სტივენ სპილბერგისა და ტომ ჰენკსისთვის რიგით მე-5 ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს, კრიტიკოსების წინასწარი პროგნოზებითა და შეფასებებით, უკვე მიიჩნევა წლევანდელი ოქროს გლობუსებისა და ოსკარებისთვის მებრძოლ ფილმად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]