„მარტივად რომ ვთქვათ, მათ მართებთ მნიშვნელოვანი ჰონორარი ფილმის შესაქმნელად იმ გულმოდგინე და მტკივნეული სამუშაოსთვის, რასაც ათწლიანი სამზადისი და სამწლიანი გადასაღები პროცესი დასჭირდა. ამ მძიმე შრომამ შედეგად მოიტანა გლობალურად წარმატებული კინოსურათი. გვერჩია, „უორნერ ბრაზერსთან“ ერთად ფილმები გვეკეთებინა, ვიდრე მის წინააღმდეგ გვედავა, მაგრამ ერთწლიანი მცდელობის შემდეგ დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და სარჩელის შეტანის მეტი არაფერი გვრჩება“, - ნათქვამია მომჩივანთა ოფიციალურ განცხადებაში.
სარჩელს გავლენიანმა კინოკომპანიამ მოკლედ უპასუხა, რომ არ ეთანხმება მას და საკუთარ პიზოციას ბოლომდე დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ ჰონორარზე დავამ შესაძლოა ფილმის გაგრძელებაზე მუშაობას ხელი შეუშალოს და ახალი სერიების გამოსვლას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
შეგახსენებთ, რომ პოსტ-აპოკალიპტური ჟანრის ფილმი „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზა“ მსოფლიო კინოეკრანებზე 2015 წლის მაისში გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მძაფრსიუჟეტიან სუპერჰიტს სხვადახვა დაჯილდოებებზე 224 ნომინაცია და 104 პრიზი ერგო, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის რიგით 88-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი - 6 ოსკარი ტექნიკურ ნომინაციებში: მხატვრული გაფორმება, კოსტიუმების დიზაინი, ხმის ეფექტები, ხმის მონტაჟი, მონტაჟი და გრიმი.