როგორც უკვე ცნობილია, ორი ოსკარის მფლობელი ტარანტინო გახმაურებული სექს-სკანდალის გამო აღარ ითანამშრომლებს აქამდე არსებულ მუდმივ კოლაბორატორებთან - ბობ და ჰარვი ვაინშტაინებთან, ამიტომაც რეჟისორის ახალ ფილმის წარმოებით „ვაინშტაინ კომპანისა“ და „მირამაქსის“ ნაცვლად, სტუდია Sony Pictures დაკავდება, სურათის პროდიუსერი კი ოსკარის ნომინანტი დევიდ ჰეიმანი იქნება.
ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში
რაც შეეხება ჯერ-ჯერობით უსათაურო ახალი ფილმის სიუჟეტს, აქამდე ცნობილი იყო, რომ იგი 1969 წელს ჩარლზ მენსონის დაფუძნებული კომუნის მიერ განხორციელებული გახმაურებული მკვლელობების ფონზე განვითარდებოდა, თუმცა როგორც თავად ტარანტინომ განმარტა და როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ გამოყენებული იქნება ფილმში, სიუჟეტის გმირები კი მენსონისა და მისი სექტის წევრების ნაცვლად სხვები იქნებიან. მთავარი პერსონაჟი ფილმში მსახიობი იქნება, რომელიც წარმატებული ტელესერიალის წყალობით მოიპოვებს პოპულარობას, შემდეგ კი ცდილობს ჰოლივუდში განაგრძოს კარიერა, თუმცა იგივე მიზანი აქვს მისავე მეგობარს - კასკადიორს, რომელიც მისი დუბლიორია.
ორი მთავარი როლისთვის უკვე განიხილება სამი ვარსკვლავი: ბრედ პიტი, ტომ კრუზი და ლეონარდო დიკაპრიო. არაოფიციალური ინფორმაციით, იმ ფაქტის გამო, რომ ბრედ პიტისა და დიკაპრიოსგან განსხვავებით, ტარანტინოს აქამდე არასოდეს უმუშავია ტომ კრუზთან, მთავარი როლის მოსაპოვებლად ამ უკანასკნელის შანსები მაღალია.
რაც შეეხება სხვა როლებსა და მსახიობებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მენსონის სექტის მიერ მოკლული შერონ ტეიტის როლში კვენტინ ტარანტინოს მარგო რობის ხილვა სურს.