ცნობილია, რომ სუპერგმირ კაპიტანი მარველის, იგივე კეროლ დენვერსის როლს ახალგაზრდა ოსკაროსანი ვარსკვლავი ბრი ლარსონი შეასრულებს, ჯიუდ ლოუ კი მოლაპარაკებებს მამაკაცის მთავარი როლის შესახებ აწარმოებს. ასევე ცნობილია, რომ ფილმში მთავარ უარყოფით გმირს ბენ მენდელსონი განასახიერებს, სამუელ ლ. ჯექსონი კი „მარველის“ კინოსამყაროს სხვა ფილმების მსგავსად, კიდევ ერთხელ შეასრულებს პერსონაჟ ნიკ ფიურის როლს.
ახალი ფილმის სიუჟეტი 1990-იან წლებში განვითარდება. ამერიკელი სამხედრო მფრინავი კეროლ დენვერსი დნმ-ში მოხვედრილი უცხოპლანეტელის გენით ზებუნებრივ შესაძლებლობებს შეიძენს. ჯიუდ ლოუს გმირი კი სავარაუდოდ, დოქტორი უოლტერ ლოუსონი იგივე მარ-ველი იქნება, რომელიც მფრინავი გოგონას მენტორია.
სცენარის ავტორები ნიკოლ პერლმანი, მეგ ლეფოვი და ჯენევა რობერტსონ-დვორეტი არიან. „მარველის“ სუპერგმირზე ფილმს რაიან ფლეკისა და ანა ბოდენის დუეტი გადაიღებს, რომლებიც ცნობილნი არიან ნამუშევრებით: Half-Nelson (2006), Sugar (2008), Mississipi Grind (2015).
ფანტასტიკური ფილმის პრემიერა 2019 წლის ნოემბერში შედგება. ბრი ლარსონი სუპერგმირ კაპიტანი მარველის კოსტიუმით კი ასევე გამოჩნდება „შურისმაძიებლების“ მორიგ სერიაში, რომელიც იგივე წელს გამოვა.