ლუკა გუადანინოს უახლეს სურათს, რომელიც ყველაზე პრესტიჟული კინოჯილდოს, ამერიკის კინოაკადემიის პრემია ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთ მოწინავე კანდიდატად უკვე ითვლება, გოთემის ცერემონიის მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლაში ოთხი ფილმი ეცილებოდა: The Florida Project (რეჟ: შონ ბეიკერი), Get Out (რეჟ: ჯორდან პილი), Good Time (რეჟ: ჯოშუა საფდი & ბენ საფდი) და I, Tonya (რეჟ: კრეიგ გილესპი). 17 წლის ბიჭის რომანტიკულ თავგადასავალზე შექმნილმა მელოდრამამ ასევე მოიპოვა საუკეთესო აღმოჩენა-როლის პრიზი, რომელიც ახალგაზრდა მსახიობ ტიმოტე შალამეს ერგო.
აღსანიშნავია, რომ გოთემის დაჯილდოების უკანასკნელი წლების გამარჯვებული ფილმები ოსკარებზე გამარჯვებულ ფილმებს ემთხვევა: Birdman (2014), Spotlight (2015), Moonlight (2016), ამიტომაც კინოკრიტიკოსებისგან დადებითად შეფასებულ ფილმს სწორედ ოსკარზე ტრიუმფს უწინასწარმეტყველებენ.
გოთემის დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი - ოთხი ნომინაცია ჯორდან პილის გახმაურებულმა ფსიქოლოგიურმა თრილერმა მიიღო და საუკეთესო რეჟისურასა და საუკეთესო სცენარში გაიმარჯვა.
სპეციალური პრიზი საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის ფილმმა „მადბაუნდი“ (Mudbound) მიიღო.
რაც შეეხება საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და საუკეთესო ქალი მსახიობის წოდებებს, ისინი ორგანიზაცია დამოუკიდებელი რეჟისორების პროექტმა (IFP), რომელიც გოთემის დაჯილდოებას მართავს, ჯეიმს ფრანკოსა და სირშა რონანს არგუნა, შესაბამისად ფილმებისთვის - The Disaster Artist და Lady Bird.