მიუზიკლის ახალი ვერსია 2018 წლის 1 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე გამოვა, მისი აღმასრულებელი პროდიუსერები კი ენდრიუ ლოიდ ვებერისა და ტიმ რაისის გარდა, ოსკარის ორგზის ნომინანტი, ემის ჯილდოს მფლობელი მარკ პლატი, კრეიგ ზადანი და ნილ მერონი იქნებიან.
„ვაგრძელებთ ჩვენი ლაივ-მიუზიკლების პროფილს და ოცნებად გვაქვს ენდრიუ ლოიდ ვებერსა და ტიმ რაისთან თანამშრომლობა, რათა მათი საკულტო მიუზიკლი სცენაზე გავაცოცხლოთ. ქასთინგი ახლახანს დაიწყო და გვსურს ამ კლასიკური შოუსთვის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის შემსრულებელი მოვიძიოთ სათანადო ხმებისთვის, რაც ორიგინალ 1970 წლის როკ-ოპერას ჰქონდა.“ - განაცხადა NBC-ის წარმომადგენელმა რობერტ გრინბლატმა.
აღსანიშნავია, რომ NBC-იმ უკვე დადგა რამდენიმე ლაივ-მიუზიკლი: The Sound of Music, Peter Pan, The Wiz და Hairspray, „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავამდე“ კი მიმდინარე წელს მიუზიკლი Bye Bye Birdie გამოვა ჯენიფერ ლოპესის მთავარი პარტიის შესრულებით.
შეგახსენებთ, რომ კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ ვებერისა და ტექსტების ავტორ ტიმ რაისის მიერ შექმნილი როკ ოპერა „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ სახარების ცნობილ სიუჟეტს ეფუძნება, თუმცა მასში აქცენტი იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობებზეა გადატანილი. მის მიხედვით 1973 წელს გამოვიდა რეჟისორ ნორმან ჯუისონის ამავე სახელწოდების მხატვრული მიუზიკლი ფილმი, 2000 წელს კი - სატელევიზიო ფილმი, ხოლო თავად როკ-ოპერა სხვადასხვა წლებში მსოფლიოს უამრავ თეატრის სცენაზე წარმატებით დაიდგა.