ოამარუს ასაკოვანი მკვიდრი იეინ კლარკი, რომელსაც ქალაქში აგენტი დარლინგის სახელით იცნობენ, ამბობს, რომ სტიმპანკური მოძრაობა ქალაქში 2010 წელს დაიწყო და იმხანად ქალაქის უამრავი მაცხოვრებელი ეჭვის თვალით და ამავე დროს, დიდი ინტერესით უყურებდა უცნაურად ჩაცმულ ადამიანებს.
იმავე წელს კლარკი დაუახლოვდა ქვეყნის დედაქალაქ ველინგტონში მდებარე სპეც-ეფექტებზე მომუშავე ცნობილ კომპანია Weta Workshop-ს, რომელსაც ვიზუალური სპეცეფექტები ისეთი ფილმებისთვის აქვს შექმნილი, როგორებიცაა: ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“, Hellboy, King Kong, District 9, Avatar, Elysium, Mad Max: Fury Road და სხვა. კომპანიამ კლარკს, ქალაქის სტიმპანკურ მოძრაობასა და ოამარუს საჩუქრად გადასცა უდიდესი რაოდენობით ნიმუშები, ტექნიკა, კოსტიუმები და მსგავსი ნივთები, რომელიც გამოფენის სახით გამოიფინა ქალაქში, დღეს კი მუზეუმიც ფუნქციონირებს.
ოამარუში 14 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელნიც ვაიტაკის რაიონში უმეტესად ფერმერობას მისდევენ. სტიმპანკური მოძრაობის გაფართოებასთან ერთად, ჟანრის მოყვარულთა და მიმდევართა რიცხვი გაიზარდა და ქალაქის მთავარ ქუჩებში უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომელნიც ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით დაიარებიან. ოამარუში ასევე იმართება სტიმპანკის სამყაროსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის შეჯიბრები, თამაშები და გამოფენები.
სტიმპანკი (ინგლისურად: Steam - ორთქლი, Punk - პანკი) სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მე-19 საუკუნის ინდუსტრიული ეპოქის ტექნოლოგიით, ორთქლზე მომუშავე ტექნიკასა და აღნიშნული ეპოქისთვის დამახასიათებელ ესთეტიკურ დიზაინს მოიცავს. სტიმპანკი, როგორც მიმართულება, ფართოდ გამოიყენება ალტერნატიული ისტორიის ჟანრის მქონე ნაწარმოებებსა და ფილმებში.