weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წელს აღმოჩენილი 7 ყველაზე საინტერესო და უცნაური პლანეტა

14:56 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

მეცნიერებმა წელს კოსმოსში დედამიწის ზომის შვიდი უცხო პლანეტა შენიშნეს. გარდა ამისა, აღმოაჩინეს სხვა უამრავი უცნაური ეგზოპლანეტა - დაწყებული დედამიწის ზომის ყინულის სფეროდან, დამთავრებული ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე ცხელი პლანეტით. გთავაზობთ 2017 წელს აღმოჩენილ ყველაზე უჩვეულო და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგის პლანეტების ჩამონათვალს.

TRAPPIST-1-ის ოჯახი - იუპიტერზე ოდნავ დიდი, ცივი წითელი ჯუჯა ვარსკვლავის (TRAPPIST-1) გარშემო დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა აღმოაჩინეს. მისი პლანეტური გარემოს რამდენიმე წევრი ასტრონომებმა 2016 წლის მაისში, ჩილეში განთავსებული ტელესკოპ, TRAPPIST-ის გამოყენებით აღმოაჩინეს. ამის შემდეგ NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის დამატებითმა მონაცემებმა გამოავლინა, რომ სამის ნაცვლად, იქ შვიდი პლანეტაა, ყველა მათგანი დაახლოებით დედამიწის ზომისაა და დედავარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს მოძრაობენ. უსწრაფესი, ყველაზე შიდა პლანეტა TRAPPIST-1b, ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 1.5 დღეში ერთხელ, ყველაზე გარე TRAPPIST-1h კი დაახლოებით - 20 დღეში. სამი პლანეტა ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს, სადაც ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება.

KELT-9b - წელს ასტრონომებმა ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცხელი პლანეტა აღმოაჩინეს. იუპიტერის მსგავსი პლანეტა თავის დედავარსკვლავ KELT-9-ს იმდენად ახლო მანძილიდან უვლის გარს, რომ ერთ სრულ გარშემოვლას მხოლოდ 1.5 დღეს ანდომებს. იგი გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მიმართული, მეორე კი არა. დედავარსკვლავის წინ ამ პლანეტის ჩავლა მკვლევარებმა არიზონაში განთავსებული ტელესკოპის, KELT-ის საშუალებით დააფიქსირეს. პლანეტის „დღის მხარეს“ ტემპერატურა 4300 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ჯუჯა ვარსკვლავის ზედაპირი, მზის ზედაპირზე მხოლოდ 1200 გრადუსით ნაკლები. ვარსკვლავი KELT-9 მზეზე დიდი და ცხელია. მისმა მუდმივმა რადიაციამ თავის პლანეტა KELT-9b-ის ატმოსფერო ბუშტის მსგავსად გაბერა, სანამ მისი სიმკვრივე იუპიტერის ნახევრამდე დაეცა. მკვლევართა აზრით, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ეს პლანეტა მთლიანად აორთქლდეს და მისგან მხოლოდ მყარი ბირთვი დარჩეს, თუკი საერთოდ აქვს.

როს 128b - ჩილეს ლა სილიის ობსერვატორიის ინსტრუმენტ „მაღალი სიზუსტის რადიალური სიჩქარის პლანეტათა მძებნელით“ (HARPS), დედამიწიდან 11 სინათლის წლის მანძილზე პლანეტა აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის ვარსკვლავთან გაცილებით უფრო ახლოს მოძრაობს, ვიდრე დედამიწა - მზესთან, მისი ვარსკვლავი უფრო ცივია და შესაბამისად, პლანეტა სასიცოცხლო ზონაში რჩება.

მზის სისტემის კონკურენტი - Google-ის მანქანური სწავლების ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა ვარსკვლავ კეპლერ-90-ის გარშემო რვა პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მზის სისტემის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი მეორე სისტემაა რვა პლანეტით. სისტემის ერთ-ერთი პლანეტა სახელად კეპლერ-90i მდებარეობს დედამიწიდან 2545 სინათლის წლის მანძილზე, სავარაუდოდ არის კლდოვანი და მესამეა თავის ვარსკვლავისგან დაშორებით. განსხვავებით დედამიწის 365.26-დღიანი ორბიტისა, იგი დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 14.5 დღეში ერთხელ და საკმაოდ ცხელია იმისათვის, რათა მის ზედაპირზე თხევადმა წყალმა არსებობა შესძლოს. პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 430 გრადუს ცელსიუსს უნდა აღწევდეს.

წერილი - მეცნიერებმა და ხელოვანებმა შეტყობინება გაგზავნეს ახლომდებარე ჯუჯა ვარსკვლავ GJ 273-თან, რომლის გარშემოც ბოლო დროს აღმოჩენილი ორი პლანეტა მოძრაობს. ერთ-ერთი მათგანი, GJ 273b შესაძლოა, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია. სისტემა ჩვენგან სულ რაღაც 12.36 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ორგანიზაცია METI-ს (შეტყობინება არამიწიერ ცივილიზაციებს) ჯგუფის წევრებმა შეტყობინება ნორვეგიაში განთავსებული ტელესკოპის საშუალებით გაგზავნეს. მათ შორის იყო სამეცნიერო და მათემატიკური განმარტებები და 33 მოკლე მუსიკალური კომპოზიცია. თუკი იქ ცივილიზაცია მართლაც არსებობს და შეტყობინებაც მიიღეს, პასუხს 25 წელიწადში უნდა ველოდეთ.

OGLE-2016-BLG-1195Lb - ახლადაღმოჩენილი პლანეტა მდებარეობს დედამიწიდან 13 000 სინათლის წლის მანძილზე და ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო ჩვენს პლანეტასთან. თავის დედავარსკვლავს გარს უვლის თითქმის იმავე მანძილიდან, რითაც დედამიწა - მზეს. მაგრამ მზისგან განსხვავებით, რომელიც თავის ოქრსოფერი სხივებით დედამიწას სიცოცხლისათვის ხელსაყრელს ხდის, ამ პლანეტის ვარსკვლავი ციცქნაა და ბნელი, შედეგად, მისი პლანეტა უბრალოდ ყინულის გროვაა. მკვლევარებმა ეს პლანეტა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მისმა ვარსკვლავმა სხვა ვარსკვლავის წინ ჩაიარა, ამ უკანასკნელზე ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) ფარგლებში დაკვირვებისას. NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპისა და კორეის მიკროლინზირების ტელესკოპთა ქსელის მონაცემთა გამოყენებით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ვარსკვლავს პლანეტა ჰყავდა, ასევე გამოთვალეს მასა და დედავარსკვლავისგან დაშორება.

კრონოსი - თქვენ წინაშეა მზის მსგავსი ვარსკვლავი. მკვლევარებმა მის გარშემო პლანეტები ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც ჩანს, მას მართლაც ხარბი მადა აქვს: კომპანიონი ვარსკვლავის შემადგენლობასთან შედარების შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არსებობის განმავლობაში, კრონოსს გადაყლაპული უნდა ჰქონდეს დედამიწის მასის მქონე 15 პლანეტა. კრონოსის გარე ფენებში, დიდი ოდენობითაა ნაპოვნი ქანების წარმომქმნელი ისეთი მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი, ალუმინი, სილიციუმი, რკინა, ქრომი და იტრიუმი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]