weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მექსიკაში მაიას ცივილიზაციის საიდუმლოებით სავსე მღვიმე აღმოაჩინეს

12:48 შაბათი, 20 იანვარი 2018

მეცნიერებმა ათთვიანი ინტენსიური კვლევების შემდეგ მექსიკაში მსოფლიოს უდიდესი დატბორილი მღვიმის სისტემა აღმოაჩინეს, რომელსაც ნამდვილი წყალქვეშა საოცრებათა სამყაროც კი შეიძლება ეწოდოს. 347 კილომეტრზე გადაჭიმული მიწისქვეშა მღვიმეების ჩაძირული ლაბირინთი შთამბეჭავ სანახაობასთან ერთად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა, რომელმაც შესაძლოა, მაიას უძველესი ცივილიზაციის მრავალ დაკარგულ საიდუმლოს ახადოს ფარდა.

„ეს უზარმაზარი მღვიმე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ჩაძირულ არქეოლოგიურ ძეგლს მთელ მსოფლიოში, შეიცავს ასზე მეტ არქეოლოგიურ კონტექსტს, რომელთა შორის არის მტკიცებულებები ამერიკის პირველ მოსახლეთა შესახებ, ისევე როგორც გადაშენებული ფაუნა და რაღა თქმა უნდა, მაიას კულტურის მრავალი საიდუმლო“, - ამბობს მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის წყალქვეშა არქეოლოგი გილერმო დე ანდა, რომელიც მაიას ცივილიზაციის შესახებ პროექტს (Great Maya Aquifer Project ანუ GAM) ხელმძღვანელობნს.

დე ანდა უკვე ათწლეულებია იუკატანის ნახევარკუნძულის კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე შტატ კინტანა-როოში წყალქვეშა მღვიმეებს იკვლევს. რეგიონში აღმოჩენილია ჩაძირულ მღვიმეთა 358 სისტემა. ეს მღვიმეები ზედაპირქვეშ დამალული, მტკნარი წყლით სავსე გვირაბებია, რომელთა საერთო სიგრძე 1400 კილომეტრს აღწევს.

ახალაღმოჩენილი საკ-აკტუნის სისტემა იმდენად უზარმაზარია, რომ თავიდან ორი სხვადასხვა მღვიმის სისტემა ეგონათ. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ 93 კმ-ზე გადაჭიმული კიდევ ერთი სისტემა დოს ოხოსი (ესპ. „ორი თვალი“) საკ-აკტუნს არ ეკუთვნოდა, მაგრამ 10-თვიანმა გულმოდგინე წყალქვეშა კვლევამ დაამტკიცა, რომ სინამდვილეში ეს ორი მღვიმე ერთი უწყვეტი, გიგანტური ჩაღრმავების ნაწილია. 347 კილომეტრიანი საკ-აკტუნი ახლა უკვე მსოფლიოში ყველაზე გრძელი, დადასტურებული წყალქვეშა მღვიმეა, თანაც როგორც ჩანს, იგი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მკვლევართა თქმით, ის შეიძლება დაკავშირებული იყოს წყალქვეშა მღვიმის სამ სხვა სისტემასთან, რასაც შემდეგი კვლევები დაადგენს. ამ უპრეცედენტო მღვიმეთა სისტემაში აღმოჩენასა და ანალიზებს მაიას ცივილიზაციის მრავალი არტეფაქტი თუ ადამიანთა ნაშთები ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]