weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯეიმს ვუდსმა კინოაკადემიის ახალ წესს „წმინდა მაკარტიზმი“ უწოდა

14:14 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

ჰოლივუდის ვეტერანმა ვარსკვლავმა ჯეიმს ვუდსმა ამერიკის კინოაკადემიის ახალ წესს, რის მიხედვითაც კინოაკადემიის წევრები ინდუსტრიაში არსებული ძალადობის შემთხვევისას ანონიმურ საჩივარს წარადგენენ, „წმინდა მაკარტიზმი“ უწოდა და ცივი ომის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კინოსფეროში მოღვაწეები ჰოლივუდის ე.წ. შავ სიაში შეჰყავდათ.

ამერიკის კინოაკადემიის (AMPAS) აღმასრულებელმა დირექტორმა დოუნ ჰადსონმა 27 იანვარს კინოაკადემიის ყველა წევრს დაუგზავნა წერილი, სადაც ახსნილ-განმარტებული იყო 2018 წლის ზაფხულიდან ძალაში შემავალი ახალი წესი, რის მიხედვითაც, კინოაკადემიის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ სექსუალური შევიწროების ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევაში ონლაინ ან სატელეფონო საჩივარი კინოაკადემიის წევრობის განყოფილებაში შეიტანონ. საჩივარს ადმინისტრაციული კომიტეტი შეისწავლის და დამტკიცების შემთხვევაში კინოაკადემიის წევრს გაფრთხილებას მისცემს ან კინოაკადემიიდან მოკვეთს.

ოსკარის ორგზის ნომინანტი 70 წლის მსახიობი ჯეიმს ვუდსი კინოაკადემიის მიერ შემოღებულ სიახლეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„ე.ი. კინოაკადემიამ დღეს ხაზგასმით დაამტკიცა თავისი ახალი სახელმძღვანელო წესი. გამოდის, რომ ანონიმურ „მოსარჩლეებს“ სურვილისამებრ შეეძლებათ ნებისმიერი ბრალდება მოიგონონ, „ბრალდებულებს“ კი მხოლოდ მათი „ბრალმდებლების“ პრეტენზიებზე შეეძლებათ წერილობითი პასუხის გაცემა. ეს არაა სათანადო პროცესი, არაა მოსმენა, ეს წმინდა მაკარტიზმია, ყველა შავ სიაში მოხვდება, კიდევ ერთხელ.“ - წერს ჯეიმს ვუდსი.

შეგახსენებთ, რომ კინოაკადემია ცივი ომის პერიოდში, კინოში მოღვაწე კომუნისტური პარტიის წევრებს ანდა კომუნისტურ პარტიაში წევრობაში ბრალდებულებს შავ სიაში ახვედრებდა და უამრავ რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობსა და სხვა პროფესიის ადამიანს ბლოკავდა, რაც მაკარტიზმის (უკიდურესი ანტიკომუნიზმი) გამოვლინებად მიიჩნეოდა. მაგალითად, აღიარებულმა სცენარისტმა დალტონ ტრამბომ ჰოლივუდის შავ სიაში ყოფნის გამო, საუკეთესო ორიგინალი სცენარისთვის განკუთვნილი ორი ოსკარი ორი სხვადასხვა ფსევდონიმით მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]