სცენარისტმა რანდალ უოლასმა მელ გიბსონთან ახალი ბიბლიური ისტორიის გადაღების შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში, ბიოგრაფიული საომარი დრამის, Hacksaw Ridge-ის გადაღებების დროს მიაღწია.
„ყოველთვის მინდოდა ბიბლიური აღდგომის კინოისტორიის მოყოლა. „ქრისტეს ვნებანი“ დასაწყისი იყო და მასში ყველაფერი არ იყო ნაჩვენები და მოყოლილი. ევანგელისტური საზოგადოება „ქრისტეს ვნებანს“ ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად თვლის და როგორც მათ ჩვენ გვითხრეს, გაგრძელება კიდევ უფრო დიდებული უნდა იყოს.“ - განაცხადა რანდალ უოლასმა, რომლის პირველი თანამშრომლობა მელ გიბსონთან „მამაც გულში“ შედგა.
როგორც ცნობილია, ახალ ფილმს „აღდგომა“ (The Resurrection) ერქმევა და მასში მთავარი როლის შემსრულებელი ჯიმ კავიზელი დაბრუნდება.
„ჯერ არ გეტყვით როგორი იქნება იგი, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია, ახალი ფილმი იმხელა მნიშვნელობის იქნება, რომ კინოს ისტორიაში უდიდესი ბიბლიური სურათი გახდება.“ - აღნიშნა 49 წლის ამერიკელმა მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე გახმაურებული ბიბლიური კინომოვლენის, „ქრისტეს ვნებანის“ მსოფლიო პრემიერა 2004 წლის თებერვალში გაიმართა. მის გამოსვლას უამრავ ქვეყანაში, კინო თუ საზოგადო წრეებში უამრავი დისკუსია, დებატი და კრიტიკა მოჰყვა. 30 მლნ $ ბიუჯეტის მქონე ფილმმა იმავე წელს 612 მილიონი დოლარის მოგება ნახა, რითაც ყველაზე შემოსავლიანი დამოუკიდებელი ფილმი და ყველაზე შემოსავლიანი რელიგიური ჟანრის ფილმი გახდა, ოსკარის დაჯილდოვებაზე კი სამი ნომინაცია მოიპოვა - მუსიკის (ჯონ დებნი), საოპერატორო ნამუშევრისა (ქალებ დეშანელი) და გრიმის კატეგორიაში.