ფილმის მოპარვის ფაქტი „დისნეის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა დაადასტურა. ჰაკერები უზარმაზარი თანხის გადახდას კრიპტოვალუტა ბიტკოინებით ითხოვენ, სტუდია „დისნეი“ კი მომხდარის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) უკვე თანამშრომლობს.
FBI-ის ინფორმატორმა, უსაფრთხოების IT-სერვის Rhino Security Labs-ის დირექტორმა, ყოფილმა ჰაკერმა და ამჟამად ექსპერტმა ჰექტორ მონსეგურმა მომხდარის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლას თითქმის შეუძლებელი უწოდა.
„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე სერია, რომლის ქვესათაურია - Dead Men Tell No Tales, ნორვეგიელმა რეჟისორმა დუეტმა, იოაკიმ რონინგმა და ესპენ სანდბერგმა გადაიღეს. ახალ ფილმში მთავარ როლებს ჯონი დეპი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. ეპიზოდურ როლში მაყურებელი ასევე იხილავს ლეგენდარულ მუსიკოს პოლ მაკკარტნის და ახალ მსახიობებს - ბრენდონ თვეიტსს, კაია სკოდელარიოსა და გოლშიფტე ფარაჰანის. პოპულარული ფრანშიზის სიკველში აგრეთვე მონაწილეობენ მსახიობები წინა სერიებიდან: ჯეფრი რაში, ორლანდო ბლუმი, კევინ მაკნალი, სტივენ გრემი და მარტინ კლება.
მეხუთე ფილმის ოფიციალური სინოპსისის მიხედვით, კაპიტან ჯეკ ბეღურას ძველი მტრის, ესპანელი კაპიტანი სალასარის სული დევნის, რომელსაც ყველა მეკობრის განადგურება სურს. ჯეკ ბეღურას გადარჩენა კი მხოლოდ ძლევამოსილ არტეფაქტს - პოსეიდონის სამკბილას შეუძლია, რომელიც მის მფლობელს უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 26 მაისსაა დაგეგმილი.