2010 წელს საავტომობილო სამყაროსთვის ერთ-ერთი ამაღელვებელი ინფორმაცია გაჟღერდა - ლეგენდარული კუპეს Lancia Stratos, რომელიც 70-იან წლებში 492 ეგზემპლარის სახით გამოუშვეს და ბევრ თაყვანისმცემელს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, ახლიდან გამოუშვებდნენ. პროექტის შთამაგონებლები იყვნენ Brose-ს საავტომობილო სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანიის დამაარსებელი მიხაელ შტოშეკი და მისი მეგობარი პაოლო გარელა, რომელიც იმ დროს Pininfarina-ს სპეციალური პროექტების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ორმა მეგობარმა, Ferrari F430 Scuderia-ს აგრეგატებზე ახალი Stratos-ის შექმნა გადაწყვიტა და ეს არაჩვეულებრივად გამოუვიდათ, თუმცა „ფერარი“ საკუთარი შასის ახალი კუპეს მასობრივი წარმოებისთვის გამოყენებას არ დაეთანხმა და ყველაფერი ამით დასრულდა. გარელა წარუმატებლობას არ შეურიგდა და 2014 წელს საკუთარი სახელოსნო Manifattura Automobili Torino (MAT) დააარსა, რომელმაც კონცეპტების შემუშავებითა და პროტოტიპების შექმნით სახელი გაითქვა, თუმცა ატელიეს მფლობელმა საკუთარი სერიული ავტომობილზე ფიქრი დაიწყო და New Stratos გაიხსენა. რადგან 70 წლის მიხაელ შტოშეკი უკვე არც ისე ინტერესდებოდა პროექტის აღორძინებით, გარელამ მისგან გამოშვების ლიცენზია შეიძინა, თანაც მხოლოდ 25 ეგზემპლარზე. ბუნებრივია, Lancia-ს სახელწოდების პროექტში გამოყენების უფლება არავინ მისცა, ამიტომ სახელი უბრალოდ New Stratos დარჩა. მთლიანობაში ტექნიკური წვრილმანები ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა ცნობილია, რომ ძრავის სიმძლავრე 550 ცხენისძალა იქნება, საკიდარი კი სერპანტინებზე აქტიურ „დრაივზე“ მომართული იქნება. ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც ახალ მოდელს ორიგინალურ Stratos-თან აახლოებს, სალონში სარბოლო ჩაფხუტის შესანახი ადგილი გახდა.
წარმოებაში რამდენიმე ვერსიას ჩაუშვებენ: Gran Turismo-ს კლასის რბოლებისთვის სარბოლო ავტომობილს, Safari-ს და ე.წ. ყოველდღიურ სუპერქარს. სამივე ვერსიის პრეზენტაცია მარტში ჟენევის ავტოსალონზე მოეწყობა.