მკვლევართა თქმით, ჩანს რომ მოახლოებულია წნევის კრიტიკული წერტილი, რამაც შესაძლოა ამოფრქვევა გამოიწვიოს. წარმოქმნიდან დღემდე ფლეგრეის მინდორი ორჯერ ამოიფრქვა: 35 000 და 12 000 წლის წინ, 1538 წელს პატარა ამოფრქვევაც დაფიქსირდა, რომელიც 8 დღეს მიმდინარეობდა და ახალი მთა - მონტე ნუოვო წარმოქმნა.
„ფლეგრეის მინდვრების ნიადაგის ბზარებისა და გადაადგილების შესწავლის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ის კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება, რომელშიც შემდგომი უწესრიგობა ამოფრქვევის შესაძლებლობას გაზრდის. ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის“, - აცხადებს მეცნიერი ქრისტოფერ კილბარნი.
აღნიშნულ ვულკანურ არეალს, რომელიც 26 კრატერსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეშ არსებულ ვრცელ ვულკანურ ნაგებობებს მოიცავს, შორეულ წარსულში მასშტაბური ამოფრქვევის გამო ნეანდერტალელთა გასახლება და გადაშენება მიეწერება. ამჟამად მის მიდამოებში 500 000 ადამიანი ცხოვრობს.
სუპერვულკანები ვულკანურად აქტიური ვრცელი ველებია, რომლებიც წარმოიქმნება ვულკანის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მაგმის ამოფრქვევის შედეგად, როდესაც სიმძიმის გამო ხდება თავად ვულკანის ჩანგრევა და რჩება ვრცელი კრატერი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გეიზერები, ჰიდროთერმული აქტივობა და გოგირდოვანი მჟავები.