ბეჭედი ძვ. წ. მე-8 საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ იგი იმ ადგილიდან სამ მეტრში იპოვეს, სადაც 2015 წელს იუდეის მეფე ეზეკიას ბეჭედია აღმოჩენილი. ცნობილია, რომ ესაია, რომელმაც ბიბლიაში მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა, ეზეკიას მრჩეველი იყო.
უძველესი ბეჭედი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 1 სანტიმეტრია, გატეხილია, თუმცა ზედ ებრაული ასოებით ამოტვიფრულია სახელი „იესჰაიაჰ“ (ესაია). გვერდით მიწერილი აქვს ასოები „ნვი“, რაც ებრაული სიტყვა „წინასწარმეტყველის“ პირველი სამი ასოა.
შესაძლებელია ისიც, რომ ბეჭედი იმ პერიოდში მცხოვრებ ვინმე სხვა ესაიას ეკუთვნოდა, რადგან ეს სახელი მაშინ საკმაოდ გავრცელებული იყო. ბულაზე ხშირად ატანდნენ მამის სახელსაც. ბიბლიის მიხედვით, ესაია წინასწარმეტყველის მამას ნავი კი არა, არამედ ამოზი ერქვა.
იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარ ეილა მაზარის თქმით, მართალია, არ შეიძლება ეს ბეჭედი წინასწარმეტყველი ესაიას რეალურად არსებობის უდავო მტკიცებულებად ჩაითვალოს, მაგრამ აღმოჩენა მართლაც ამაღელვებელია. ეზეკიას ბეჭედთან სიახლოვე და ის ფაქტი, რომ ბულებზე მხოლოდ პიროვნებათა სტატუსს აწერდნენ, სულ მცირე იმის ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა, რომ ბეჭედი ნამდვილად ბიბლიურ ესაიას ეკუთვნოდა.