ორინჯვილის ტყეში არსებულ ხეებზე ასეულობით ფეხსაცმელია ჩამოკიდული. ისინი ერთი შეხედვით ავარიაში გარდაცვლილთა მემორიალს ანდა სხვა სიმბოლური დატვირთვის მქონე ადგილს მოგაგონებთ, თუმცა არავინ იცის ზუსტად, რატომაა ფეხსაცმელები ხეებზე.
ხეებზე არსებულ ფეხსაცმელებზე პირველი ინფორმაცია 1972 წელს ჩნდება, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის არქივში არაფერია დაცული იმ ადგილას მომხდარ რაიმე ინციდენტსა თუ შემთხვევაზე. გავრცელებული მოსაზრებით, ვიღაცამ ჯერ ერთი ხე „მორთო“, შემდგომში კი მას უამრავმა ადამიანმა მიბაძა. არის ვერსია იმის შესახებაც, რომ ხეები არტ-ინსტალაციას წარმოადგენს, ანდა გარკვეული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების მიერაა „მორთული“.