weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

10 ყველაზე ცნობილი შეცდომა ოსკარების ისტორიაში

15:24 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო 90 წლისაა. ოსკარები დაჯილდოების განვლილ 90 ცერემონიას უამრავი სახალისო მომენტი, შოკისმომგვრელი გამარჯვებული, სკანდალი და დაშვებული შეცდომებიც ახსოვს. გთავაზობთ 10 ყველაზე ცნობილ და სახალისო შეცდომას ოსკარების ისტორიაში.

1933 წელს საუკეთესო რეჟისორის წოდებისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: ფრენკ კაპრა, ფრენკ ლოიდი და ჯორჯ კიუკორი (ცუკორი). ცერემონიაზე პრეზენტერმა უილ როჯერსმა კონვერტის გახსნისას წამოიძახა: „მოდი და აიღე ჯილდო, ფრენკ!“ ფრენკ კაპრამ საკუთარი თავი გამარჯვებულად ჩათვალა, დარბაზიდან ადგა და სცენისკენ გაეშურა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ოსკარი მეორე ფრენკმა მოიპოვა.

1938 წელს ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის განკუთვნილი ოსკარი ელის ბრეიდის ერგო, რომელიც ცერემონიას ფეხის ტრავმის გამო ვერ ესწრებოდა, სცენაზე ჯილდოს მისაღებად კი მის ნაცვლად სრულიად უცხო ადამიანი ავიდა. უცნობი მამაკაცი შემდეგში აღარავის უნახავს, მსახიობს კი მოგვიანებით კინოაკადემიამ ახალი ჯილდო გადასცა.

1948 წლის ცერემონიაზე როზალინდ რასელი, რომელიც ქალის მთავარი როლისთვის იყო ნომინირებული, იმდენად იყო გამარჯვებაში დარწმუნებული, რომ გამარჯვებულის გამოცხადებამდე წინასწარ ადგა და სცენისკენ წასასვლელად მოემზადა, თუმცა იმედი გაუცრუვდა, რადგან ოსკარი ლორეტა იანგს მისცეს.

1964 წელს მომღერალმა და კომიკოსმა სემი დევის უმცროსმა არეული კონვერტების გამო გამარჯვებული შეცდომით გამოაცხადა, თუმცა სულ რამდენიმე წუთით, რადგან ორი ჯილდოს ერთად გადაცემისას უბრალოდ თანმიმდევრობა აერიათ.

1974 წელს გამართულ ცერემონიისას მთავარი ჯილდოს, წლის საუკეთესო ფილმის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც სცენაზე დევიდ ნივენი იდგა, კულისებიდან ე.წ. სტრიკერი გამოვარდა. შიშველი მამაკაცის კადრი ვიდეოშიც მოხვდა, ფოტოც არსებობს და იქ მყოფმა პუბლიკამაც გვარიანად იხალისა.

1985 წლის ოსკარების ცერემონიაზე მთავარი ჯილდოს, წლის საუკეთესო ფილმის დასახელებისას ლეგენდარულ ლოურენს ოლივიეს ხუთი ნომინანტის გამოცხადება დაავიწყდა და პირდაპირ გამარჯვებული ფილმის სათაური წაიკითხა.

2014 წელს სცენაზე გამოსულმა ჯონ ტრავოლტამ შემსრულებლის სახელი და გვარი დაამახინჯა: იდინა მენზელის ნაცვლად მან „ადელ დაზიმი“ გამოაცხადა, რაც უმალ გახდა საყოველთაო იუმორისტული განხილვის საგანი. მოგვიანებით მომღერალმა მსახიობს ხუმრობით რევანშიც აუღო, რაც საბოლოოდ სახალისო ნომრით დასრულდა.

2016 წლის ცერემონიაზე მომღერალმა სემ სმიტმა ორიგინალი სიმღერისთვის განკუთვნილი ჯილდოს მოპოვება ლგბტ თემს მიუძღვნა და აღნიშნა, რომ იგი პირველი ე.წ. ღიად გეია, რომელმაც ოსკარი აიღო. სინამდვილეში კი მანამდე ოსკარი აღებული უკვე ჰქონდათ მუსიკოს ელტონ ჯონს, სცენარისტ დასტინ ლანს ბლექსა და პროდიუსერ სკოტ რუდინს, რომელთაც არასოდეს დაუმალავთ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია.

2017 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ტრადიციულ სეგმენტში, რომელიც წლის განმავლობაში გარდაცვლილ კინოხელოვანთა ხსოვნას ეძღვნებოდა, კოსტიუმერ ჯანეტ პატერსონის ფოტოს ნაცვლად პროდიუსერ ჯან ჩეპმენის ფოტო აჩვენეს, რასაც ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი ჩეპმენის აღშფოთება მოჰყვა.

ყველაზე ცნობილი სკანდალი და შეცდომა კი ცხადია გასულ წელს მომხდარი გაუგებრობა იყო, როდესაც უორენ ბიტიმ და ფეი დანაუეიმ სხვა ნომინაციისთვის განკუთვნილი კონვერტიდან წაიკითხეს გამარჯვებული ფილმის დასახელება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]