დენი ვილნევის სურვილი მასშტაბური ფრანშიზის შექმნაა, ისეთივე მდიდრულის, როგორიც თავად ამერიკელი ფანტასტი მწერლის მიერ შექმნილი ეპიკური სამყაროა. ამის მიზეზი რეჟისორ დევიდ ლინჩის 1984 წელს გამოსული წარუმატებელი ფილმი „დიუნაა“, რომელმაც საყოველთაო მოსაზრებით, ჰერბერტის რომანების სათქმელი სათანადოდ ვერ თქვა. ვილნევის განცხადებით, მისეული ვერსია ლინჩის ფილმისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ვილნევმა ორი ფილმი ერთდროულად გადაიღოს და შემდეგ იგი მონტაჟისას ორ ნაწილად გაყოს, ისევე როგორც მას თავის უკანასკნელ ფილმზე (Blade Runner 2049) მუშაობისას სურდა, თუმცა სტუდიებმა გადაღებული მასალა შეამცირეს და ერთ ფილმად აქციეს.
„დიუნის“ გადაღებებისა და გამოსვლის თარიღები, ისევე როგორც სხვა დეტალები, ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 70-იან წლებში „დიუნის“ ეკრანიზაცია სურდა ცნობილ ჩილელ რეჟისორ ალეხანდრო ხოდოროვსკის, რომელმაც ფილმზე მუშაობას დიდი დრო დაუთმო, თუმცა საბოლოოდ სხვადასხვა მიზეზების გამო იგი ვერ გადაიღო. მისი წარუმატებელი მცდელობის შესახებ 2013 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმიც (Jodorowsky’s Dune) არსებობს.
რაც შეეხება თავად რომანების ორიგინალ სერიას, სადაც მოქმედება მომავალ დროში, შორეულ გალაქტიკაში ხდება, ისინი 1965-1985 წლებში ექვს წიგნად გამოიცა: „დიუნა“ (1965), „დიუნის მესია“ (1969), „დიუნის შვილები“ (1976), „დიუნის იმპერატორი-ღმერთი“ (1981), „დიუნის ერეტიკოსები“ (1984) და „დიუნის კაპიტოლიუმი“ (1985), რის შემდეგაც მწერლის შვილმა ბრაიან ჰერბერტმა და მწერალმა კევინ ჯეიმს ანდერსონმა 15-ზე მეტი წინამდებარე ისტორიები, ე.წ. პრიკველი რომანები დაწერეს და გამოსცეს.