51 წლის იოჰანესბურგელი თოინის ბოთა სხვა მონადირეებთან ერთად ზიმბაბვეს სოფელ გვაიში იმყოფებოდა, როდესაც სპილოების ჯგუფი შენიშნა. შეწყვილებისას მყოფი სპილოები მოახლოებული საფრთხის გამო ადამიანების ჯგუფს თავს დაესხა. მონადირეებმა სამ ცხოველს ესროლეს, თუმცა კიდევ ერთმა თოინის ბოთა ხორთუმით ასწია და როდესაც მონადირეებმა ისიც მოკლეს, მომაკვდავი სპილო მონადირეს ზედ დაეცა და გასრისა.
მოკლული თოინის ბოთა ქალაქ ჰვანგეს ჰოსპიტალის მორგში გადაასვენეს. ცნობილია, რომ მას მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.
თოინის ბოთას მიერ დაარსებული კომპანიის (Game Hounds Safaris) ვებგვერდის ინფორმაციით, იგი აფრიკის რეგიონში ევროპული სტილის ნადირობის - მეძებარი ძაღლების დიდი ჯგუფით ცხოველზე ნადირობის დამაარსებელი იყო, თუმცა სახელგანთქმულ მონადირეს არაერთხელ მოუკლავს ტროფეებად მიჩნეული ლეოპარდი და ლომი. ბოთას ფირმას ასევე აქვს YouTube-ის არხი, სადაც მისი ნადირობების ვიდეოებია განთავსებული.