ეს გახლდათ მე-2 საუკუნეში, რომის იმპერიაში მოღვაწე ბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი კლავდიუს გალენოსი, რომელიც თავის სწავლებითა და ნაშრომებით ანტიკური ხანის მედიცინის ერთ-ერთი უდიდეს კლასიკოსად იქცა,მაგრამ ისტორიამ ბევრი რამ მაინც ვერ შემოგვინახა.
პერგამენტი აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის SLAC-ის ეროვნული აქსელერატორის ლაბორატორიის მეცნიერებმა შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ხელნაწერი შეიცავდა გალენოსის სწავლებებს, რომელიც მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ, უცნობი ადამიანის მიერ იყო შესრულებული. საოცარი კი ისაა, რომ გალენოსის სწავლებაზე გადაწერილი იყო ფსალმუნები. საფარის ქვეშ მოქცეული გალენოსის სამედიცინო ტრაქტატები შესრულებულია ძველ სირიულ ენაზე, მე-6 საუკუნეში, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედ წმინდა ეკატერინეს მონასტერში, მაგრამ დაახლოებით 500 წლის შემდეგ, მე-11 საუკუნეში, მელანი ფურცლებიდან წაუშლიათ და ზედ ფსალმუნები გადაუწერიათ. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამის მიზეზი პერგამენტის სიძვირეშია.
პერგამენტის თავდაპირველი წარწერების უკიდურესად უმნიშვნელო კვალის გამოსავლენად, მკვლევარებმა ციკლურ ნაწილაკთა აქსელერატორის მიერ წარმოქმნილი რენტგენული სხივები გამოიყენეს. შედეგად, მათ თვალწინ გადაიშალა თითქმის 2000 წლის წინ არსებული სამედიცინო ცოდნის ამსახველი უპრეცედენტო ხედები.
მოცემულ ფოტოზე ყვითელი ფერის სიმბოლოები ასახავს მე-11 საუკუნის რელიგიურ ტექსტებს, მკრთალი ხაზები კი - მის ქვეშ დამალული გალენის ტრაქტატების სირიულ თარგმანს.