weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსკარებისგან დაიგნორებული 2017 წლის 10 გამორჩეული ფილმი

13:51 შაბათი, 07 აპრილი 2018

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებას ყოველ წელს ახლავს ცხარე დისკუსია წარდგენილ თუ წარსადგენ ფილმთა შესახებ. ბევრის აზრით, ზოგიერთ ფილმს კინოაკადემიაში გადამეტებულ ყურადღებას აქცევენ და ნომინაციებით ანებივრებენ, ხშირად კი გამორჩეული ფილმები ოსკარებისგან ყურადღების გარეშე რჩება, რასაც სხვადასხვა მიზეზები აქვს.

ჰოლივუდური სტუდიური ნამუშევრების უმრავლესობა, როგორც წესი, სწორედ საოსკარე სეზონისთვის იწარმოება. ისინი ე.წ. Oscar bait-ფილმებად მოიაზრება, ანუ საგანგებოდ ოსკარებსა და სხვა პრესტიჟულ დაჯილდოებებზე მოხვედრის კანდიდატებად. ასეთი ფილმები ცხადია 2017 წელსაც ბევრი იყო, რომელთა შორისაც რამდენიმე საერთოდ დაიკარგა საოსკარე რბოლაში და კონკურენციას ვერაფრით გაუძლო (მაგ. Goodbye Christopher Robin, The Meyerowitz Stories, Wonder Wheel, Wonderstruck). სხვა საქმეა ის გამორჩეული ფილმები, რომლებმაც წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალებსა თუ ჩვენებებზე დადებითი კრიტიკა და მაყურებლების სიმპათია დაიმსახურეს, თუმცა უამრავი ადამიანის გასაკვირად პრესტიჟულ ოსკარებზე მათთვის ადგილი არ მოიძებნა. ამის მიზეზებზე საუბრისას კინომოყვარულები ხშირად პოლიტიკურ დამოკიდებულებებს ახსენებენ. ხანდახან ფილმები სწორედ განზრახ რჩება იგნორირებული (მაგალითად, წინა წლის ბიოგრაფიულ-ისტორიული დრამა The Birth of a Nation, რომელიც რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის პირად სკანდალს გადააყოლეს), ზოგჯერ კი ფილმები, რომლებიც მაყურებელს ჰგონია, რომ დიდი კინოჯილდოებისთვის თამამად იბრძოლებს, თავად შემქმნელების გამო რჩება უოსკაროდ - ხშირ შემთხვევაში ხომ სტუდიები თავად ცდილობენ თავიანთი ფილმი ოსკარებზე „გაქაჩონ“ და საამისო კამპანიასაც ეწევიან, ზოგჯერ კი ამ ყველაფერს ვერ ახერხებენ და შესაბამისად, კარგი ფილმები „იჩაგრება“.

ასეა თუ ისე, 2017 წელს მართლაც იყო ისეთი ფილმები, რომელთა შესახებაც კრიტიკოსები და მაყურებლები ბევრს საუბრობდნენ, დადებითად აფასებდნენ, ჯილდოების პრეტენდენტებად მოაზრებდნენ, პრესტიჟულ კინოფესტივალებზე ჯილდოებიც მიიღეს, თუმცა საბოლოოდ ოსკარების დაჯილდოებაზე ვერ მოხვდნენ. ზოგიერთი ფილმი სრულიად მოულოდნელად, ბოლო მომენტში დარჩა უნომინაციოდ (მაგალითად: ფრანგული ლგბტ თემატიკის სოციალური დრამა 120 Battements par minute - უცხოური ფილმის კატეგორიაში და Jane - დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში). იყო ისეთიც, რომლის ოსკარებში მოხვედრასაც ფემინისტურ-გენდერული პოლიტკორექტულობით გამორჩეული ჯგუფები დაჟინებით ითხოვდნენ, თუმცა სრულიად ობიექტურად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, საუბარია კინოკომიქსზე - Wonder Woman.

გთავაზობთ 2017 წლის 10 გამორჩეულ ფილმს, რომლებიც კინომოყვარულთა და კრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, შეიძლებოდა კინოაკადემიის დაჯილდოების უკანასკნელ ცერემონიაზე გვეხილა.

Detroit - 1967 წელს მომხდარ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა ოსკაროსანი ტანდემის, რეჟისორ კატრინ ბიგელოუსა და სცენარისტ მარკ ბოულის მორიგი წარმატებული ნამუშევარი უნდა ყოფილიყო. ხსენებული დუეტის წინა ორი ფილმი (The Hurt Locker, Zero Dark Thirty) კინოაკადემიამ ხომ გვარიანად დააფასა, თუმცა „დეტროიტი“ გაქირავებაშიც კი ჩავარდა ($21.5 მილიონიანი შემოსავალი 34 მილიონიანი ბიუჯეტის საპასუხოდ). არადა იდეაში ფილმს ყველა საოსკარე ნომინაციაში მოსახვედრად უნდა ებრძოლა.

Downsizing - ოსკაროსანმა სცენარისტ-რეჟისორმა ალექსანდერ პეინმა ძალები სამეცნიერო ფანტასტიკაში მოსინჯა და მისი ახალი სატირული სურათი ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამაშიც ჩაერთო, რა დროსაც მის საოსკარე შანსებზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ ფილმმა მოლოდინები ვერ გაამართლა და ნომინაციები ნაკლებად მნიშვნელოვან დაჯილდოებებზეღა მიიღო.

Film Stars Don't Die in Liverpool - ბიოგრაფიული დრამა ერთ დროს ჰოლივუდის დიდ ვარსკვლავ გლორია გრემის უკანასკნელი წლების შესახებ თითქოს ანეტ ბენინგისთვის მორიგი საოსკარე ნომინაციის მომტანი უნდა ყოფილიყო, თუმცა რომანტიკულ ფილმს წონიანი ნომინაციები მხოლოდ BAFTA-მ არგუნა.

Hostiles - ამერიკელი კინოკრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასებების მქონე ნამუშევარს ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ვესტერნი-ფილმის წოდებაც ერგო. ფილმი თავდაუზოგავად იბრძოდა ოსკარზე ქრისტიან ბეილის მამაკაცის მთავარ როლზე მოსახვედრად, რისი შანსიც მართლაც საკმაოდ მაღალი იყო. ასევე შეიძლებოდა აღიარებული კომპოზიტორის, მაქს რიხტერის მუსიკისა და საოპერატორო ნამუშევრის გამორჩევა, თუმცა სკოტ კუპერის ფილმმა კინოაკადემიის გული ვერ მოიგო.

mother! - არაერთგვაროვნად შეფასებული გახმაურებული თრილერი, რომელიც ასევე იყო ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაში ჩართული, მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა კინომოყვარულმა არათუ დაიწუნა, არამედ ღიად ლანძღა. მის შესახებ აზრები ორად ამერიკაშიც გაიყო - ბევრი კინოხელოვანი დარენ არონოვსკის იდეას აქებდა, ბევრმა კი კლიშედ მონათლა მისი ფსიქოლოგიური დრამა. არადა პრემიერამდე იგი სწორედ ოსკარების საპირწონე ფილმად ითვლებოდა, მეტწილად ჯენიფერ ლოურენსის, მიშელ პფაიფერისა და სცენარის დაფასების იმედით.

Okja - კორეელი რეჟისორითა და შერეული სამსახიობო გუნდით გამორჩეული საერთაშორისო პროექტი კანის კინოფესტივალის პროგრამაში მონაწილეობდა. უცნაურ არსებაზე შექმნილი სათავგადასავლო ისტორია ბევრის აზრით, საოსკარე ჰიტი უნდა ყოფილიყო, ვიღაცეები მის ვიზუალურ სპეცეფექტების დაფასებასაც ითხოვდნენ, თუმცა ფილმი კინოჯილდოებზე საერთოდ ვერ მოხვდა.

Stronger - ბოსტონის გახმაურებული ტერაქტის ცნობილ მსხვერპლზე გადაღებული ბიოგრაფიული დრამა შესაძლებელი იყო ოსკარებზე არაერთ ნომინაციაში გვეხილა წარდგენილი, მაგრამ ამერიკის კინოაკადემიამ ჯეიკ ჯილენჰოლის პერფორმანსი კიდევ ერთხელ დატოვა ყურადღების მიღმა და ამით კინოწრეების გაკვირვებაც გამოიწვია.

The Beguiled - ოსკაროსანი სოფია კოპოლას სურათმა ბევრი მოხიბლა, განსაკუთრებით კი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიური, რომელმაც მას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო არგუნა. კინომოყვარულები ნიკოლ კიდმანისა და კოლინ ფარელის შესრულებასაც აქებდნენ, მაგრამ წლის დასაწყისში გაჩენილი საოსკარე იმედები მალევე საერთოდ გაქრა.

The Killing of a Sacred Deer - წლის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმის წოდება კი ბერძენი სცენარისტისა და რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის მორიგმა საინტერესო დრამამ დაიმსახურა. კიდმან-ფარელის მეორე ერთობლივი ფილმი, რომელსაც ასევე ერგო პრიზი კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის, ოსკარზეც სწორედ სცენარითა და მსახიობთა პერფორმანსებით უნდა ებრძოლა, მაგრამ ევრიპიდეს ტრაგედიით („იფიგენია ავლიდში“) შთაგონებული სიუჟეტისადმი სრულმა იგნორმა უამრავ კინომანს გული დასწყვიტა.

Wind River - კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც ორიგინალი სცენარით შეეძლო ოსკარებზე მოხვედრა, ნეო-ვესტერნის ჟანრის ეს კრიმინალური დრამა იყო. ტეილორ შერიდანის ამ ჭეშმარიტად ამერიკული ფილმით მამაკაცის მთავარ როლზე ჯერემი რენერის ნომინირებასაც ელოდა კინომოყვარულთა დიდი ნაწილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]