თავად ოსკაროსანმა გეი რეჟისორმა განმარტა, რომ ხალისიანი პერსონაჟი ლეფუ, რომელსაც ფილმში კომიკოსი ჯოშ გადი ასრულებს, კინოზღაპრის სიუჟეტში პირად გრძნობებს გამოხატავს და მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გამჟღავნდება.
„ლეფუ ის ყმაწვილია, რომელსაც დღეს სურს იყოს გასტონი (მთავარი უარყოფითი გმირი), მეორე დღეს კი სურს აკოცოს მას. ლეფუ ის ადამიანია, რომელსაც საკუთარი ფიქრები აწუხებს და ის-ისაა აცნობიერებს პირად გრძნობას. ფილმის ფინალში ეს ყველაფერი გამჟღავნდება, რაც პირველი გეი-მომენტი იქნება „დისნეის“ ისტორიაში“ - განაცხადა ბილ კონდონმა.
აღსანიშნავია, რომ სტუდია „დისნეი“, რომლის პროდუქციაც როგორც წესი საოჯახო ფილმებისა და მულტფილმებისგან შედგება, აქამდე არსებულ ყველა ნამუშევარში კონსერვატიულ და ტრადიციულ სასიყვარულო თემებს წარმოადგენდა, პერსონაჟების სექსუალური ორიენტაცია კი ყოველთვის ტაბუდადებული ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთ უკანასკნელ მულტფილმში - Frozen, სადაც გოგონა პერსონაჟი სახელად ელზა ფილმის ბოლოს მარტო რჩება, უამრავმა ლგბტ ორგანიზაციამ და მათმა უფლებების დამცველმა სტუდიას შესთავაზა, რომ მეორე სერიაში ელზას ლესბოსელი შეყვარებული ჰყოლოდა. საამისოდ ჰოლივუდში კამპანიაც კი წამოიწყეს - #GiveElsaAGirlfriend.
შეგახსენებთ, რომ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ახალი კინოვერსია სტუდია „დისნეის“ ბოლო პერიოდის ერთგვარი ტენდენციის - საკუთარი კლასიკური ანიმაციური ფილმების კინოდ გადაღების პროცესის ნაწილია. მისი პრემიერა 23 თებერვალს ლონდონში შედგა, მსოფლიო გაქირავებაში კი ფილმი 17 მარტიდან ჩაეშვება.