weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Dark Universe - ახალი კინოსამყარო რომელიც ცნობილ მონსტრებს გააერთიანებს

17:37 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

პლანეტის ერთ-ერთმა უდიდესმა კინოსტუდიამ Universal Pictures, ოფიციალური ვიდეორგოლი და პრომო-ფოტო გამოაქვეყნა, რითაც აქამდე დაანონსებული კინოსამყაროს შექმნა დაამოწმა - ე.წ. „ბნელი სამყარო“ (Dark Universe) საკულტო კინომონსტრების შესახებ შექმნილ ფილმებს გააერთიანებს.

პრომო-ვიდეორგოლი ყველა იმ ძველი კლასიკად ქცეული ფილმებისგან შემდგარი კოლაჟია, რომელთა რიმეიქებითაც ახალი კინოსამყარო გაცოცხლდება.

ახალი სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „მუმია“, რომელიც სტუდია „უნივერსალის“ ამავე სახელწოდების მქონე ძველი ფილმის რიმეიქს წარმოადგენს, სხვა ცნობილი მსგავსი კინოგმირების შესახებ შექმნილი ფილმებით გაგრძელდება, რომლებიც საბოლოოდ ერთი საერთო სიუჟეტის ქვეშ გაერთიანდება.

„მუმიაში“, რომლის პრემიერაც 9 ივნისს გაიმართება, მთავარ როლებს ტომ კრუზი და სოფია ბუტელა ასრულებენ. ახალ ვერსიაში მოქმედება თანამედროვე დროშია გადმოტანილი და ყველასათვის კარგად ნაცნობი, ანტიკური ეგვიპტური მონსტრი ამჯერად ქალია. ფილმში მეორე პლანის პერსონაჟია რასელ კროუს კინოგმირი დოქტორი ჰენრი ჯეკილი, ასევე ცნობილი როგორც - მისტერ ჰაიდი, რომელიც ხსენებულ კინოსამყაროში საიდუმლო ორგანიზაცია „პროდიჯიუმის“ მეთაურია. ხსენებული ორგანიზაცია კინოსერიებში იგივე ფუნქციას შეასრულებს, როგორც „მარველის“ კინოკომიქსების სამყაროში ორგანიზაცია - S.H.I.E.L.D.

„მუმიის“ შემდეგ „ბნელი სამყარო“ 2019 წელს კინოფილმ „ფრანკეშტეინის საცოლეთი“ გაგრძელდება, რომლის რეჟისორი ოსკაროსანი ბილ კონდონი იქნება, ცნობილი მონსტრის როლს კი ხავიერ ბარდემი ითამაშებს. ამავე ფილმში შემქმნელებს ანჯელინა ჯოლის ხილვა სურთ. ფრანკენშტეინის მონსტრის შემდეგ მაყურებელი უჩინარ კაცზე შექმნილ ფილმს იხილავს - ჯონი დეპი ახალგაზრდა ქიმიკოსი მეცნიერი გახდება, რომელიც ექსპერიმენტით ადამიანის გაუჩინარების გზას მიაგნებს, თუმცა მალევე თავად გახდება ექსპერიმენტის მსხვერპლი, როდესაც გაუჩინარების შემდეგ, გვერდითი მოვლენების გამო ჭკუიდან შეშლილი მკვლელობას ჩაიდენს.

„ბნელ სამყაროზე“ მომუშავე პროდიუსერებისა და სცენარისტების გეგმებში ასევეა ფილმები მსგავსი ცნობილი პერსონაჟების - დრაკულას, ვან ჰელსინგის, მგელ-კაცასა და წყლის არსების შესახებ. ამ უკანასკნელის შესახებ ფილმში მთავარ როლზე სკარლეტ იოჰანსონი მოიაზრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]