ებრაელი მსახიობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნატალი პორტმანი გაანაწყენა, მისთვის არაკომფორტული იქნება ისრაელში ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ცერემონიას სუფთა სინდისით ვერ დაესწრება.
The Guardian-ის ცნობით, მსახიობის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა მოვლენებმა გადააფიქრებინა მას პრემიის მიღება. სავარაუდოდ, მიზეზი ისრაელ-ღაზას საზღვარზე არსებული ვითარებაა. პალესტინელი დემონსტრანტების პროტესტზე ისრაელის სამხედო პასუხს, რომელსაც სულ მცირე 15 პალესტინელი დაიღუპა, მთელ მსოფლიოში დიდი კრიტიკა მოჰყვა.
ნატალი პორტმანი 2018 წლის Genesis-ის პრემიის ლაურეატად გასული წლის ნოემბერში დასახელდა. პრემია ებრალებს პროფესიაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისა და მსოფლიო აღიარებისთვის გადაეცემათ. პრემიით $1 მილიონი ოდენობის ფულადი ჯილდოა გათვალისწინებული.
Genesis-ის პრემიის ფონდმა განაცხადა, რომ პრემიის გადაცემის ღონისძიება აღარ გაიმართება. მათივე თქმით, პატივს სცემენ პორტმანის აზრს ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ნატალი პორტმანი იერუსალიმში დაიბადა და როგორც ისრაელის, ისე აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. მას არაერთხელ გამოუთქვამს თავისი კრიტიკული მოსაზრება ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. მაგალითად, 2015 წელს, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრად ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელახლა აირჩიეს, პორტმანმა განაცხადა, რომ „ძალიან გაბრაზდა და იმედი გაუცრუვდა“. მსახიობმა ნეთანიაჰუ რასისტული კომენტარების გამო გააკრიტიკა.