დედამიწის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის გერმანულმა ჯგუფმა შეაგროვა სხვადასხვა კვლევათა მონაცემები, რომლებიც შინაურ ცხოველებზე დაკვირვებებს ეძღვნებოდა რეგიონებში, სადაც მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება. 180 კვლევა 160 მიწისძვრის შესახებ გავრცელებულ 729 მოხსენებას მოიცავდა ცხოველთა უცნაური ქცევის შესახებ. მათში ყურადღება გაამახვილეს ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა: მიწისძვრის სიმძლავრე და მანძილი, ფორშოკური აქტივობა და თავად პუბლიკაციათა ხარისხი.
მიუხედავად მონაცემების სიმდიდრისა, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებათა დიდ ნაწილს გააჩნდა კრიტიკული შეზღუდვები - სულ მცირე 14 მათგანი ეყრდნობოდა ერთ დაკვირვებას მიწისძვრის წინ.
მეცნიერთა ვარაუდით, ცხოველები უბრალოდ მგრძნობიარენი იყვნენ თავდაპირველი ბიძგების, ე. წ. ფორშოკების მიმართ, თუმცა არცერთი მოსაზრება კატეგორიულად არ გამორიცხავს იმის შანსს, რომ ცხოველებში არსებობს გარკვეული სუპერ-მგრძნობელობა. მეცნიერებს უკვე გააჩნიათ გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება საბოლოოდ მივიდეთ სწორ დასკვნამდე. მიწისძვრებამე დიდი ხნით ადრე და დიდი ხნის შემდეგ, ცხოველთა აქტივობაზე გრძელვადიან პერიოდში დაკვირვების შედეგად, ყველაფერი ალბათ საბოლოოდ გაირკვევა.
მკვლევართა თქმით, ამჟამად ხელთ გვაქვს ცხოველებზე ამ მიმართულებით ჩატარებული ძალიან ცოტა დაკვირვება. მათგან ყველაზე ხანგრძლივი ერთ წელიწადს გრძელდებოდა. მათი აზრით, საჭიროა ძალიან ხანგრძლივი, ყოველდღიური დაკვირვება და მონაცემების ჩაწერა, მიწისძვრამდე დიდი ხნით ადრე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მიწისძვრის პროგნოზირების არანაირი ინსტრუმენტი თუ მეთოდი.