ახალი მასშტაბური კინოპროექტის შესახებ პიტერ ჯექსონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც მან ახალ ფილმსა და მის რეჟისორ ქრისტიან რივერსზე ისაუბრა, რომელიც პროფესიონალი ვიზუალური სპეცეფექტების სუპერვაიზორია და ამ კატეგორიაში ოსკარიც მოიპოვა პიტერ ჯექსონით ფილმით - „კინგ კონგი“ (2005). რივერსი ასევე იყო ჯექსონის ასისტენტი კინოტრილოგია „ჰობიტის“ გადაღებებზე.
ამჯერად კი გამოქვეყნდა სათავგადასავლო სტიმპანკი ჟანრის ახალი ფილმის კონცეპტ-არტები:
ბრიტანულ რომანში სიუჟეტი პოსტ-აპოკალიპტურ, ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც დიდი ქალაქები, მათ შორის ლონდონი, გაუდაბნოებულ დედამიწაზე გიგანტური ბორბლებით გადაადგილდებიან, პატარა დასახლებებს თავს ესხმიან და ითვისებენ. „მომაკვდინებელი ძრავები“ ფილიპ რივის მიერ შექმნილი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია, რომელიც პირველად 2001 წელს გამოიცა. დანარჩენი სამი ნაწილი კი გახლავთ: „მტაცებლის ოქრო“ (2003), „ჯოჯოხეთური მოწყობილობები“ (2005) და „ბნელი მდელოები“ (2006).
რომანის ეკრანიზაციაში, რომლის პრემიერა 2018 წლის 14 დეკემბერსაა დაგეგმილი, მთავარ როლებს ახალგაზრდა მსახიობი რობერტ შიჰენი, უგო უივინგი, სტივენ ლენგი, კოლინ სალმონი და სხვა მსახიობები შეასრულებენ.
ფილმისთვის სცენარი პიტერ ჯექსონმა ტრადიციულად მეუღლე ფრენ უოლშთან და ფილიპა ბოიენსთან ერთად დაწერა. რეჟისორი მათთან ერთად მუშაობდა თავის უმრავლესობა ფილმებზე, მათ შორის „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის სცენარებზე, რისთვისაც სამეულს ოსკარები ერგო.