weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

The Predator: უცხოპლანეტელი „მტაცებელი“ ახალი სერიით ბრუნდება

12:44 პარასკევი, 11 მაისი 2018

კინომოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი უცხოპლანეტელი, „მტაცებლის“ სახელით ცნობილი ადამიანებზე მონადირე ჰუმანოიდი მორიგი ისტორიით კინოეკრანებს წელს უბრუნდება. „მტაცებლის“ რიგით მეოთხე კინოსერიის პირველი ვიდეოკადრები სტუდია 20th Century Fox-მა ახლახანს გაავრცელა.

ახალ ფილმში მოქმედება კვლავაც დედამიწაზეა, საიდაც მტაცებლის ხომალდზე სიგნალი შემთხვევით გაიგზავნება. სიუჟეტის მიხედვით, რომელიც ქრონოლოგიურად „მტაცებლის“ მე-2 ნაწილის შემდეგ და მე-3 სერიამდე ვითარდება, უცხოპლანეტელი მონადირე კვლავ ანადგურებს პირველივე დამხვედრებს დედამიწაზე, კიდევ უფრო განვითარებული მტაცებლის წინააღმდეგ კი მეცნიერთა და სპეცრაზმელთა ჯგუფი იწყებს მოქმედებას.

სცენარის ავტორი და რეჟისორი შეინ ბლექია (Nice Guys, Iron Man 3, Kiss Kiss Bang Bang, Lethal Weapon კინოსერიები), რომელიც ერთ-ერთ როლს ასრულებდა 1987 წელს გამოსულ „მტაცებლის“ პირველ სერიაში. რეჟისორის თქმით, მას სურდა სრულიად ახალი იდეა და საინტერესო, ორიგინალური სიუჟეტი შეეთავაზებინა ფრანშიზის მოყვარულთათვის. ახალი ფილმი, რომელიც 2014 წლიდან იწარმოება, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც ე.წ. რიბუთი (არსებული სერიულობის ახლიდან დაწყება), თუმცა შეინ ბლექის განმარტებით, არ იყო საჭირო ისტორიის ხელახლა გადაღება, რადგან საკულტო პერსონაჟზე დღეისთვის უკვე არსებობს მრავალფეროვანი კინოსამყარო და მითოლოგია, ამიტომაც მისი ახალი ფილმი წინა სერიებთან კავშირშია.

მთავარ როლებს ფილმში ბოიდ ჰოლბრუკი, ოლივია მანი, სტერლინგ ბრაუნი, ჯეიკობ ტრემბლი, ტრევანტე როუდზი და კომიკოსი კიგან-მაიკლ კი ასრულებენ. თავდაპირველად საუბარი იყო ახალ ფილმში არნოლდ შვარცენეგერის პერსონაჟის დაბრუნებაზე, რაც საბოლოოდ თავად მსახიობმა არ მოისურვა. თავის მხრივ ფრანშიზაში დაბრუნება სურდა ადრიენ ბროუდის, რომელმაც 2010 წელს გამოსულ მე-3 ნაწილში შეასრულა მთავარი როლი, თუმცა შეთანხმება არ შედგა. რაც შეეხება ახალ სერიაში მთავარ როლს, რომელსაც ბოიდ ჰოლბრუკი ასრულებს, მასზე უარი ბენისიო დელ ტორომ დატვირთული გრაფიკის გამო თქვა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე უცხოპლანეტელი რასის აგრესიულ წარმომადგენელზე სამი სიუჟეტურად დაკავშირებული სერია (Predator, Predator 2, Predators) და ორი განყენებული ე.წ. ქროსოვერი (AVP: Alien vs. Predator, Alien vs. Predator: Requiem) არსებობს, „მტაცებლის“ ახალი ფილმის პრემიერა კი სექტემბერში შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]