ახალი ფენტეზი-ექშენის შესახებ ფილმის რეჟისორმა პატი ჯენკინსმა ისუაბრა და აღნიშნა, რომ DC-ის კინოსამყაროს წინა სერიებისგან განსხვავებით, „ქალი-საოცრების“ კინოთეატრებში გასაშვებიცა და შემდგომ გამოსასვლელი ვერსიაც ერთიდაიგივე იქნება და არ ექნება ამოჭრილი სცენები, განსხვავებული მონტაჟი ან ე.წ. რეჟისორული ვრცელი ვერსია. რეჟისორისავე თქმით, „ქალი-საოცრების“ სიკველის შესახებ უკვე მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ ოფიციალურად მას შემდეგ გაკეთდება განცხადება, რაც სტუდია (Warner Bros. Pictures) კინოგაქირავებაში ფილმის მოპოვებულ შემოსავალს გადახედავს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები და კინომოყვარულები ბოქს-ოფისში ფილმს სოლიდური შემოსავლის მოგებას უწინასწარმეტყველებენ.
აღსანიშნავია, რომ პატი ჯენკინსისთვის „ქალი-საოცრება“ 2003 წლის შემდეგ პირველი სარეჟისორო ნამუშევარია. 14 წლის წინ ქალმა რეჟისორმა ბიოგრაფიული დრამა „მონსტრი“ გადაიღო, რომელიც შარლიზ ტერონისთვის ოქროს გლობუსისა და ოსკარის მომტანი გამოდგა.
„ქალი-საოცრების“ პირველი ჩვენება სპეციალურად ჟურნალისტებისა და კრიტიკოსებისთვის გაიმართა, რომელთა მიერაც ფილმი ხსენებულ კინოსამყაროში ჯერ-ჯერობით საუკეთესო სერიად შეფასდა. მსოფლიო პრემიერა 2 ივნისს შედგება. ფილმში მთავარ როლს ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ასრულებს.
რაც შეეხება DC-ის ვრცელ კინოსამყაროს, იგი წელსვე გაგრძელდება მე-5 ფილმით - Justice League, რომელიც DC-ის კომიქსების სუპერგმირებს - სუპერმენს, ბეტმენს, ქალ-საოცრებას, აკვამენს, ფლეშსა და კიბორგს გააერთიანებს.