weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წავი საქართველოში: მტერი თუ მოყვარე?

15:23 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი წავი (Lutra lutra) ევრაზიის მთელ კონტინენტზე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ საქართველოში ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც - გადაშენების პირას მყოფი სახეობა. ჟურნალმა “National Geographic საქართველო” საქართველოში მცხოვრებ წავს პატარა სტატია მიუძღვნა.

წავი წყალთან ახლოს ცხოვრობს და დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მისი რაციონი მხოლოდ თევზისგან შედგება და საფრთხეს წარმოადგენს თევზსაშენებისთვის. ცხოველი ხელოვნურად შექმნილ წყალსაცავებში იპარება და კომერციული მიზნებისთვის მოშენებულ თევზს ჭამს. ამის გამო წავები ადამიანებში აგრესიას იწვევენ და მათ დღემდე უმოწყალოდ ხოცავენ.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის” (NACRES) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც ფოტოხაფანგები, ტელემეტრიული მეთოდი და ექსკრემენტების ანალიზი გამოიყენეს, დადგინდა, რომ მის სხეულთან შედარებით დიდი ზომის თევზი (რომლის პოპულაციებიც თევზსაშენებში ჰყავთ) წავის საკვების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. წავები საქართველოში დიდწილად ამფიბიებით, რეპტილიებითა და მცირე ზომის თევზის სახეობებით იკვებებიან.

აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, როდესაც წავი თევზსაშენში იპარება, იგი ძირითადად კარჩხანით იკვებება, რომელიც პატარა, არაკომერციული თევზია და თევზსაშენებში სარეველა ბალახივითაა. ეს თევზი უფრო მარტივად ეგუება გარემო-პირობებს, ვიდრე - თევზსაშენში არსებული ე. წ. კომერციული თევზის სახეობები (კალმახი და სხვა), ამიტომ მათი მოცილება საკმაოდ რთულია.

„ადგილობრივი მოსახლეობა თავიდან უარყოფითად იყო ჩვენ მიმართ განწყობილი, მაგრამ როდესაც ისინი კვლევაში ჩავრთეთ და ვაჩვენეთ, რომ წავი მავნე კი არა, სასარგებლოა თევზსაშენისთვის, უფრო პოზიტიურად განეწყვნენ“, - აღნიშნა ჟურნალ “National Geographic საქართველოსთან” საუბარში „ნაკრესის“ მკვლევარმა გიორგი გორგაძემ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]