ბრუკსის ბრალდების თანახმად, ინციდენტი 2017 წლის 13 აპრილს ლოს ანჯელესის სასტუმროში მოხდა, როდესაც კინოს იღებდნენ. ბრუკსმა დადგენილი ვადების მიხედვით გადასაღები დროის შეწყვეტა გამოაცხადა, რასაც ჯონი დეპი უკმაყოფილებით შეხვდა, რადგან მსახიობს უფრო გრძელი სცენის გადაღებაც სურდა. გრეგ ბრუკსმა ფილმის რეჟისორ ბრედ ფურმანს მიმართა, მან კი უპასუხა, რომ ჯონი დეპისთვის ეკითხა. ამას ჰოლივუდის ვარსკვლავის გახელება მოჰყვა და გრეგ ბრუკსს მან მუშტები წაუშინა.
„ვინ ჯანდაბა ხარ?! შენ უფლება არ გაქვს მითხრა, რა გავაკეთო.“ - ყვიროდა ოსკარის სამგზის ნომინანტი მსახიობი.
როდესაც გრეგ ბრუკსმა აუხსნა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა გადაღებებზე საათების განრიგი და იგი იყო ამაზე პასუხისმგებელი, ჯონი დეპმა კვლავ უყვირა: „ფეხებზე მკიდია ვინ ხარ, შენ არ შეგიძლია მითხრა, რა გავაკეთო.“
ბრუკსის თქმით, ინციდენტისას ჯონი დეპი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამი დღის შემდეგ გრეგ ბრუკსმა ფილმზე მუშაობა შეწყვიტა.
სხვათა შორის, ჯონი დეპისთვის ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე მსგავსი ბრალდებაა - მცირე ხნის წინ მას ყოფილი პირადი მცველები სასამართლოში უჩიოდნენ.
რაც შეეხება ხსენებულ ახალ ფილმს, რომელსაც თავდაპირველად LAbyrinth ერქვა, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ დრამაში ჯონი დეპი ლოს ანჯელესელ პოლიციის დეტექტივ რასელ პულს განასახიერებს, რომელიც ორი ცნობილი რეპერის, The Notorious B.I.G.-ისა და 2Pac-ის მკვლელობებს იძიებდა. რასელ პული ასევეა 2Pac-ის მკვლელობის ალტერნატიული ვერსიის ავტორი. გამოძიებები პოლიციელს საბოლოოდ სამსახურის ნაადრევად დატოვებად დაუჯდა. მრავალი საგამოძიებო კვლევის ავტორი დეტექტივი 2015 წელს გულის შეტევით დაიღუპა.