weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარსზე არსებულ უცნაური ხვრელის წარმომავლობას NASA ვერ ხსნის

13:10 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

მარსის ორბიტაზე გასული NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი (Mars Reconnaissance Orbiter) უკვე 11 წელია ყველაფერს ხედავს „წითელი პლანეტის“ ზედაპირზე, მაგრამ მარსის სამხრეთ პოლუსზე მცირე ხნის წინ გადაღებულ ფოტოზე ჩანს რაღაც ისეთი, რასაც მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან.

მარსის სამხრეთ პოლუსთან გადაღებულ ახალ ფოტოზე კარგად ჩანს ზედაპირზე გაყინული ნახშირორჟანგის დანაწევრებული ფორმაციები და ერთი უცნაური ჩაღრმავება, რომლის წარმომავლობაც ამ დრომდე უცნობია. 

ფოტო MRO-ს კამერა HiRISE-მ გადაიღო, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს 200-400 კმ სიმაღლიდან მარსის ზედაპირზე დაინახონ 1 მეტრზე დიდი ზომის ობიექტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღრმული სულაც არაა პატარა და სიგანეში ასობით მეტრს აღწევს.

იქიდან გამომდინარე, რომ მარსის სამხრეთ პოლუსთან ახლა ზაფხულია, მზე ცაში საკმარისად დაბლაა იმისათვის, რათა ლანდშაფტზე ჩრდილები გამოკვეთოს და გამოაჩინოს უჩინარი მახასიათებლები. კარგად ჩანს ხვრელის ფსკერზე არსებული ყინულიც. ჩაღრმავებას გარს აკრავს გაყინული ნახშირორჟანგის ლაქები. როგორც დადგინდა, ყინულებს შორის არსებული წრეები წარმოქმნილია ზაფხულში, მშრალი ყინულის გაზად სუბლიმირების შედეგად.  

მთავარი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ რამ წარმოქმნა ეს ორმო - რამის შეჯახებამ თუ ზედაპირის ჩანგრევამ? ძნელია რამის მტკიცება დამატებითი ინფორმაციის გარეშე, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ NASA ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. 

მარსის კლდოვან ზედაპირზე, რომელიც მრავალნაირი დეპრესიითა და კრატერებითაა დაფარული, ჩაღრმავებების წარმოქმნა ბევრ რამეს შეუძლია. ნახევარ მილიონზე მეტი მეტეორიტის შეჯახების შედეგად დარჩენილია კრატერები, ლავის ნაკადების ჩანგრევის შედეგად - ღრმა ორმოები, უძველესი წყალდიდობების შედეგად - გიგანტური უფსკრულები, ვულკანური აქტივობის წყალობით გამდნარმა ყინულმა კი „წითელ პლანეტას“ ძაბრები დაუტოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]