„მხედვარის“ მთავარი პერსონაჟი გერალტ რივიელი, იგივე მხედვარი, ურჩხულებზე მონადირეა, რომელსაც, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით, განვითარებული აქვს შესაძლებლობები: ძალა, რეაქცია, დაჩქარებული მეტაბოლიზმი და ა.შ. გერალტის მთავარი საქმიანობა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სახიფათო სამყაროში არსებული მონსტრების განადგურებაა.
სერიალის შოურანერი და პროდიუსერი „მარველის“ სერიალებით (Daredevil, Defenders) ცნობილი ლორენ შმიდტი იქნება. „მხედვარის“ პირველი სეზონი რვა ეპიზოდისგან იქნება შემდგარი.
ანჯეი საპკოვსკის საკულტო საგა რვა წიგნისგან შედგება. პირველი ნაწილი 1986 წელს გამოიცა, უკანასკნელი კი - 2013 წელს. 70 წლის პოლონელი მწერალი „ნეტფლიქსის“ სერიალში კრეატიული კონსულტანტის ამპლუაში იქნება.
აღსანიშნავია, რომ „მხედვარის“ მიხედვით უკვე არსებობს იგივე სათაურის მქონე ნაკლებად წარმატებული პოლონური ფილმი და მისივე მინი-სერიალის ვარიანტი, აგრეთვე პოპულარული ვიდეოთამაშების სერია, სახელად The Witcher.