weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველად ისტორიაში ჯეიმს ბონდს ამერიკელი რეჟისორი ეყოლება

11:26 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

აგენტ 007-ის რიგით 25-ე სერიას, რომლის რეჟისორის სავარძელიც მცირე ხნის წინ ოსკაროსანმა რეჟისორმა დენი ბოილმა დატოვა, კერი ჯოჯი ფუკუნაგა გადაიღებს და ბონდიანის მრავალწლიან ისტორიაში პირველი ამერიკელი რეჟისორი გახდება.

იაპონური ფესვების მქონე 41 წლის რეჟისორის თქმით, ჯეიმს ბონდის კინოსერიის გადაღება მისი დიდი ხნის სურვილი იყო და ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ სიხარულისგან მიღებულ შოკს ებრძვის.

„მოხარულები ვართ, რომ კერისთან ვითანამშრომლებთ. მისმა მრავალფეროვნებამ და ინოვაციურმა ხედვამ იგი ჩვენთვის ბრწყინვალე არჩევანად აქცია ჯეიმს ბონდის მორიგი თავგადასავლისთვის“, - ნათქვამია ბონდიანის უცვლელი პროდიუსერების, ბარბარა ბროკოლისა და მაიკლ გრეგ უილსონის ერთობლივ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დენი ბოილი, რომელსაც ძალიან სურდა ჯეიმს ბონდზე ფილმის გადაღება, პროექტიდან პროდიუსერებთან კრეატიული შეუთავსებლობის გამო წავიდა. მასთან ერთად ფილმი მისავე ხშირმა კოლაბორატორმა, ოსკარის ნომინანტმა სცენარისტმა ჯონ ჰოჯმა (Trainspotting, The Beach, Trance) დატოვა. როგორც გაირკვა, ინგლისელი ტანდემის ერთობლივი სცენარი ბონდიანის შემქმნელებმა და თავად მთავარი როლის შემსრულებელმა დენიელ კრეიგმა დაიწუნეს, რის შემდეგაც პროდიუსერებმა ახალი სერიისთვის კვლავ ძველი სცენარისტები, ნილ პურვისი და რობერტ უეიდი დააბრუნეს, რომელთაც ბონდიანის წინა ექვსი ფილმისთვის აქვთ სცენარი დაწერილი.

კერი ჯოჯი ფუკუნაგას მოსვლამდე სხვა კანდიდატი რეჟისორები იან დემანჟი, დევიდ მაკკენზი, ედგარ რაიტი და ჟან-მარკ ვალე იყვნენ, თუმცა პროდიუსერებმა საპატიო საქმე სწორედ სერიალ True Detective-ით ცნობილ რეჟისორს მიანდეს. HBO-ს აღიარებული სერიალის გარდა რეჟისორს სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული: Sin nombre (2009), Jane Eyre (2011), Beasts of No Nation (2015), მისი უკანასკნელი სარეჟისორო ნამუშევარი კი „ნეტფლიქსის“ წლევანდელი სერიალი „მანიაკი“ (Maniac) გახლავთ.

ბონდიანის ჯერ-ჯერობით უსათაურო სერიის გადაღებები მომდევნო წლის მარტში დაიწყება, პრემიერა კი 2020 წლის თებერვალში შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]