weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არწივით მონადირეებთან ერთად - National Geographic

15:53 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

დასავლეთ მონღოლეთში მდებარე დაიანის ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწირედ დასახლებული ადგილია. ეს მყინვარებითა და ხრიოკი ველებით გარშემორტყმული ტერიტორიაა, სადაც ერთ-ორ ხეს თუ ნახავთ და ტემპერატურა -40C-ზე დაბლა ეცემა. უაღრესად რთულ პირობებში მომთაბარე ოჯახები ცხოვრობენ, რომელთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა.

ხსენებული ადგილი ერთ-ერთი იშვიათია, სადაც არწივებით მონადირეებს იხილავთ. ოქროსფერი არწივის მელიებზე, თაგვებზე და მგლებზე დაგეშვის უძველეს ხელობას აქ უკვე 4000 წელია მისდევენ და ამ ხელობის მიმდევარი ოჯახებისთვის ის დღესაც ყოველდღიურობის ნაწილი და გადარჩენის საშუალებაა.

არწივებით ნადირობა ერთადერთი ტრადიცია არ არის, რომელსაც ყაზახი მომთაბარეები სწრაფად ცვალებად მონღოლეთში ინარჩუნებენ. მომთაბარეთა ამ ოჯახებს საკუთარი ენა, სამოსი და ტრადიციები აქვთ და დაუწერელი კოდექსის მიხედვით ცხოვრობენ, რომელიც მკაცრ, მაგრამ თვალწარმტაც გარემოში მათ არქაულ ცხოვრების წესს აწესრიგებს.

როგორც წესი, მამაკაცები ადრიან დილით უკვე ნადავლით ბრუნდებიან, რადგან გარიჟრაჟზე წავიდნენ სანადიროდ. ისინი დიდ სიამოვნებას იღებენ არწივებით ნადირობისგან, მაგრამ ნადირობა მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს, რადგან მელია და მგელი მათ საქონელზე ნადირობენ. არწივით მონადირეები ხომ მესაქონლეები არიან და პირველ რიგში, საკუთარ საქონელზე ზრუნავენ.

არწივი ოჯახის საუნჯედ ითვლება. იგი ოჯახის წევრივითაა, სახელიც აქვს და სხვებთან ერთად სახლში ყოფნის უფლებაც. არწივი შინაურ ფრინველზე მეტია და რა თქმა უნდა გადარჩენის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

როდესაც კაცები ნადირობენ ან საძოვარზე არიან გასული, ქალები ძროხებს წველიან, რძეს ადუღებენ, დღვებენ და კარაქისა და ყველის კეთებას იწყებენ. პროდუქტები დიდხანს უნდა ინახებოდეს, რადგან მაცივრები არ აქვთ. მათი დამზადებული ყველის ერთ-ერთი სახეობა ქვასავით მაგარია და თვეობითაა საჭმელად ვარგისი. ქალები საწვავზეც ზრუნავენ. აქ ხე არ იზრდება, ამიტომ ისინი ნაკელს აგროვებენ და წვავენ.

საღამოს 6 საათისთვის კაცები საძოვრებიდან ბრუნდებიან და სავახშმოდ იკრიბებიან ტყავით დაფარულ იურტაში. მეჯოგეებში დაწესებული იერარქია, ყველაზე კარგად სუფრასთან ჩანს: სახლის პატრონი მამაკაცი ყოველთვის პირველი ჭრის ხორცს და სტუმარს საუკეთესო ნაჭერს სთავაზობს. შემდეგ უხუცესები მიირთმევენ, შემდეგ ქალები, ბოლოს კი - ბავშვები. დანა-ჩანგალი არ აქვთ, ამიტომ ყველა ხელით ჭამს.

ფოტოგრაფი ტარიკ ზაიდი კვირების განმავლობაში ცხოვრობდა მომთაბარე ყაზახ ოჯახებთან და მათ ყოფას ეცნობოდა. აქვე გეტყვით, რომ არწივით ნადირობა მსოფლიოს ერთ-ერთი საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ტრადიციაა. 2010 წელს UNESCO-მ ნადირობის ეს მეთოდი ცოცხალი კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]