რიბინმა სცენარი პირადი მოგონებებისა და ვიქტორ ცოისთან ერთობლივი შემოქმედებითი თანამშრომლობის ისტორიაზე ააგო. 1981 წელს დუეტმა მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც ალექსეი ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვით „გარინი და ჰიპერბოლოიდები“ ეწოდა, თუმცა ჯგუფს სახელი მალევე შეეცვალა და „კინო“ დაერქვა. ორი წლის განმავლობაში ალექსეი რიბინი პოპულარული საბჭოური როკ-ჯგუფის გიტარისტი იყო, თუმცა ვიქტორ ცოისთან უთანხმოების გამო მუსიკალური კოლექტივი დატოვა.
სიუჟეტის სხვა დეტალები და მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. რიბინისთვის კი აღნიშნული სურათი რეჟისორის ამპლუაში მეორე მხატვრული ფილმი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ცოის შესახებ სხვა ბიოგრაფიულ სურათზე მუშაობა პარალელურად უკვე მიმდინარეობს და მას თეატრის რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი იღებს, ფილმის სამუშაო სათაური კი „ზაფხულია“.